"გურია ნიუსის" ოზურგეთის ოფისს ტაქსის მძღოლების ერთი ნაწილი დაუკავშირდა, რომელთა ინფორამციითაც იქ სადაც ცხრა მაისის ღონისძიება უნდა გაიმართოს, ამ წუთებში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
"აუცილებლად მოდით და ნახეთ რა ხდება ქალაქ ოზურგეთში, გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულთა ობელისკთან, სადაც ორ დღეში ცხრა მაისის ღონისძიება უნდა გაიმართო. ეს შეხვედრა ომის ვეტერანებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ოზურგეთში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დაახლოებით იქნება 10 ადამიანი დარჩენილი და ისინი ყოველ წელს მოდიან და ახლა მოუნდათ აქ სამუშაოების ჩატარება?
ერთი ცხრა მაისია წელიწადში და ვეტერანებს აქ მოსვლა უხარიათ. ცხრაჯერ დაიწყეს ეს სამუშაოები და ცხრაჯერ მიატოვეს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად არის გაკეთებული. ახლა იტყვიან, რომ ეს სამუშაოები ხალხისთვის კეთდებაო, გასაგებია, გვესმის, მაგრამ ცხრა მაისის მერე გაეკეთებინათ." – განაცხადეს ჩვენთან საუბრის დროს ტაქსის მძღოლებმა.
ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გმირთა მოედანზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 9 მაისამდე დასრულდება.
"აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 9 მაისამდე აუცილებლად დასრულდება. 9 მაისისთან დაკავშირებულ ღონისძიებას კი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ჩვეულებისამებრ ჩაატარებს. შესაბამისად, აღელვების მიზეზი არ არსებობს."