თურქეთის ქალაქ შანლი ურფაში, რომელიც სირიის საზღვართან, ანატოლიაში მდებარეობს, საქართველოს მოქალაქე რუსუდან ვაშაყმაძე დააკავეს, რომელმაც ერთ-ერთი ოჯახიდან მილიონ 300 ათასი ლირა (დაახლოებით ერთი მილიონი ლარის შესაბამისი თანხა) და ოქროს სამკაულები გაიტაცა.
ინფორმაციას ამის შესახებ დღეს დილიდან თურქული მედია ავრცელებს. ინტერნეტპორტალ takvim.com.tr-ის ცნობით, ვაშაყმაძე ერთერთ ოჯახში ორი თვის წინ მომვლელად მოეწყო და როცა ოჯახის წევრების უმრავლესობა სახლში არ იყო, ასაკოვან მოხუცს დანის მუქარით სეიფის გახსნა აიძულა. სეიფში არსებული თანხისა და ძვირფასეულობის გატაცების შემდეგ კი მიიმალა.
რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე თურქმა სამართალდამცველებმა იმავე ქალაქში დააკავეს და ამ დროისათვის იგი წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. გატაცებული ძვირფასეულობა და თანხა კი ოჯახს სრულად დაუბრუნდა, რადგანაც მძარცველმა გახარჯვა ან გაყიდვა ვერ მოასწრო.
მომზადებულია takvim.com.tr -ის ინფორმაციის გამოყენებით