მიმდინარე წლის 14 მარტს, ზუგდიდში ნაჩვენებ ფილმს, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობას შეეხებოდა, "ერთიანია ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სერგო რატიანი ეხმაურება.
როგორც დეპუტატი ამბობს, მან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, ფილმის ჩვენებაზე მოსწავლეების მიყვანასთან დაკავშირებით, შიდა აუდიტის დასკვნა მიიღო, სადაც წერია, რომ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ფილმზე მიყვანის პროცესს ხელმძღვანელობდნენ ზუგდიდის მერიისა და გამგეობის სამსახურები.
"რამდენიმე დღის წინ მომაწოდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა 14 მარტს ზუგდიდში სკოლის მოსწავლეების პროპაგანდისტული ფილმის ჩვენებაზე მიყვანასთან დაკავშირებით. დასკვნიდან ცხადად ჩანს, რომ სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ფილმზე მიყვანის პროცესს ხელმძღვანელობდნენ ზუგდიდის მერიისა და გამგეობის სამსახურები.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული 21 მარტის აქციის წინ, 14 მარტს სამეგრელოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა პროპაგანდისტული გამოფენები და ფილმის ჩვენება. სისასტიკის ამსახველი ფილმის ჩვენებაზე მიიყვანეს სკოლის მოსწავლეები. ფილმის ჩვენების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით მოხდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის დარბევა.
ჩვენი, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ცალსახა პროტესტის ფონზე, განათლების სამინისტრომ დაავალა შიდა აუდიტს, გამოეკვლია ხსენებული შემთხვევა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ ქალაქ ზუგდიდის მერიისა და გამგეობის თანამშრომლები (ჩვენი ინფორმაციით, სამსახურის უფროსები) ჯერ კიდევ 12 დეკემბერს უკავშირდებოდნენ სკოლის დირექტორებს და ავალებდნენ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ფილმის ჩვენებაზე მიყვანას. დასკვნიდან სრულიად ნათლად ჩანს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ორგანიზებით ხდებოდა სიძულვილისა და ძალადობის პროპაგანდის პროცესში ბავშვების ჩართვა.
არ უნდა მოხდეს ისე, რომ მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს დაეკისროთ, მითუმეტეს, რომ ბევრი მათგანი ან ნაწილობრივ, ან სრულად არ დაემორჩილა ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლას. მოვითხოვთ განათლების სამინისტროსგან, სამეგრელოს დანარჩენი ქალაქების სკოლებში ჩატარებული აუდიტის დასკვნების გამოქვეყნებას", _ აღნიშნავს რატიანი.