შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნეს.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაადგინეს რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი, რომელიც რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გიორგი მ. აღმოჩნდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მ-მ საკუთარ თანაკლასელს, 1992 წელს დაბადებულ გვანცა კ-ს, ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გიორგი მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით, მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).