საპირველმაისოდ ლანჩხუთში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ანონსდებოდა _ იგი ნიგოითის ადმინისტრაციის სოფელ ქვიანში საბავშვო ბაღის საზეიმოდ გახსნას უნდა დასწრებოდა. პრემიერის გურიაში ვიზიტი იმ დროისთვის არ შედგა და ბაღის გახსნის ღონისძიებაც სამომავლოდ გადაიდო.
ადგილობრივი ხელისუფლება დიდი მონდომებით იყო ჩართული სამზადისში. საბავშვო ბაღის ეზო განსაკუთრებულად მოირთო _ დაირგო ყვავილები, დაიდგა სხვადასხვა სათამაშოები, დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია. ამ პროცესებში ყველა ის მუნიციპალური სამსახური მონაწილეობდა, რომელსაც გარკვეული შეხება ჰქონდა საქმესთან. მათ შორის იყო ა(ა)იპ "ლანჩხუთი სერვისი", რომელმაც უზრუნველყო ტერიტორიიდან ნაგვის გატანა.
სწორედ ამ სამსახურს დაევალა ადგილზე, რომელიც, იმავდროულად, სოფლის ცენტრიცაა, ნაგვის ურნის დადგმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დროებით და მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პრემიერის ვიზიტი არ შედგებოდა, ურნა, როგორც მოიტანეს, ისე წაიღეს უკან.
ადგილობრივ მოსახლეობაში ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია. მათი აზრით, ეს იყო სოფლის მოსახლეობის აბუჩად აგდება: "საჭირო რომ არის აქ ნაგვის ურნის დადგმა, ფაქტია, თორემ არც მოიტანდნენ. მაგრამ რა გამოდის? ცნობილი გახდა თუ არა, რომ პრემიერი არ ჩამოვიდოდა, ურნა წაიღეს. ეს ხალხის აბუჩად აგდებაა! ამას არ ჯობდა, საერთოდ არ მოეტანათ? ყველაფერი კვლავინდებურად ფასადურია _ ადგილობრივი ხელმძღვანელობა ცდილობს, ცენტრალურ ხელისუფლებას დაანახოს, რომ ადგილზე, თითქოს, ყველაფერი წესრიგშია და პრობლემები ნაკლებადაა. არ ჯობია, პრემიერს და სხვა ნებისმიერ მაღალჩინოსანს რეალობა ვაჩვენოთ? როდის უნდა მივხვდეთ, რომ პრობლემის მიჩქმალვით საქმეს არ ეშველება?! მით უმეტეს, რომ აქ ისეთი ადგილია, უამრავი გამვლელი ჩერდება წასახემსებლად და, სამწუხაროდ, ნაგვის ურნის არარსებობის გამო, ნარჩენები ირგვლივაა მიმოფანტული. ეს პრობლემა წლებია გვაწუხებს და მომგვარებელიც, ჯერჯერობით, არავინ ჩანს", _ ამბობენ სოფლის მაცხოვრებლები.
ანალოგიური პრობლემა ყველა იმ სოფელს აწუხებს, რომლებიც ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის მიერ, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ანონსდებოდა, რომ მუნიციპალიტეტს ორი ნაგავმზიდი და 200 ურნა დაემატებოდა, რითაც ჯაპანა-გრიგოლეთის მონაკვეთიდან ნაგვის გატანის პრობლემა მოიხსნებოდა. ჯერჯერობით, ეს დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩა. ჩვენი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია და იმედს არ კარგავს.
ა(ა)იპ "ლანჩხუთი-სერვისის" დირექტორის თენგიზ ჭიჭილეიშვილის თქმით, მისმა სამსახურმა ნაგვის ურნა სოფელ ქვიანში დროებით დადგა, რომ ბაღის ტერიტორიიდან ნარჩენები გაეტანათ: "პრემიერ-მინისტრის თვალის ასახვევად არაფერი არ გაგვიკეთებია. უბრალოდ, ნაგვის ურნა სოფელს დროებით ვათხოვე, რომ ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ თავმოყრილი ნაგავი ადგილიდან გატანილიყო. ახლა არანაირი საშუალება არ არსებობს, რომ ქვიანში ურნა დაიდგას _ ეს ბევრ ხარჯთანაა დაკავშირებული. უახლოეს პერიოდში, დამატებით გადმოგვეცემა სპეციალური მანქანები და ურნები, რაც გრიგოლეთი-ჯაპანის გზის მონაკვეთზე მოხსნის დასუფთავებისა და ნაგვის გატანის პრობლემას", _ თქვა ჭიჭილეიშვილმა.