ტექნოლოგიების სფეროს თანამედროვე და ეფექტურ ადმინისტრირებაში, ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოსა და ავსტრიის მთავრობებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი და ჰაინც ფიშერი დაესწრნენ.
ავსტრიელი პარტნიორები საქართველოს ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების განვითარებაში დაეხმარებიან. მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ნარჩენების მართვის, საგზაო ინფრასტრუქტურის და წყალმომარაგების ტექნოლოგიების დარგში. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ტექნიკის მოვლა-შენახვა და მოდერნიზება, ტექნიკური დახმარება ექსპერტების, სპეციალისტებისა და მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების მიერ, შესაბამის სფეროებში ტრენინგების ჩატარება სხვადასხვა რგოლის მენეჯმენტის და სხვადასხვა პროფესიების მქონე სპეციალისტებისთვის.
მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროში მოხდება ინვესტიციების ხელშეწყობა, ორივე ქვეყანაში დაინტერესებული კომპანიების პარტნიორულ საქმიანობაში მხარდაჭერა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განვითარების მხარდაჭერა.
მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ სურსათის და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, ფერმერებს, ფერმერულ ჯგუფებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში.
გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებად, საქართველოსა და ავსტრიის მთავრობების მიერ, განისაზღვრა: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვა; მდგრადი სატყეო მეურნეობა; კლიმატის ცვლილება; ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის წყაროები და ტექნოლოგიები; ჰაერის ხარისხი, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი; წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა; ნარჩენების მდგრადი მართვა, საწარმოო და სახიფათო ნარჩენების ჩათვლით; გარემოს მონიტორინგი, ინფორმაციის მოძიება და ანგარიშების წარდგენა; ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების მართვა.
თანამედროვე ტექნოლოგიების და ახალი ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროში ინვესტიციების ხელშეწყობას, ორივე ქვეყნაში დაინტერესებული კომპანიების პარტნიორულ საქმიანობაში მხარდაჭერას, მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროში სწავლების და საგანმანათლებლო საკითხებს, ადამიანური რესურსების განვითარებას ელექტრონული განათლების სისტემის გამოყენებით, დატა ცენტრების/კლაუდ კომპიუტერული საშუალებების განვითარების ხელშეწყობას, IT მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, თანამშრომლობის სფეროების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განვითარების ხელშეწყობას და სხვა.
თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყეების, გარემოსა და წყლის მენეჯმენტის ფედერალურ სამინისტროს შორის; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიის ფედერალურ სამინისტროს შორის; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ფედერალურ სამინისტროს შორის; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, გარემოსა და წყლის მართვის ფედერალურ სამინისტროს შორის.