"სამწუხაროდ, ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, როდესაც ერთის მხრივ ვერაფერს ვიღებთ რიგის სამიტზე, ხოლო მეორეს მხრივ, რიგაში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, ლაპარაკობს იმაზე რომ ყველა ჩვენი ოცნება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით ნამდვილად დასრულებულია, ეს ლაპარაკობს ამ ხელისუფლების აბსოლუტურ უუნარობაზე და საგარეო პოლიტიკის სრულ კრახზე," – აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
მისი თქმით, სამწუხაროდ, უკვე მერამდენედ, ის პროგნოზი რომელსაც იგი თვეების განმავლობაში აჟღერებდა რიგის სამიტთან დაკავშირებით, კვლავ ახდა და საქართველომ არათუ უვიზო მიმოსვლა მიიღო ევროპის ქვეყნებთან, არამედ რიგის დეკლარაციაში ხსენებაც კი არ არის ვიზალიბერალიზაციის საკითხისა.
"გარდა ამისა, გერმანიის კანცლერის, ქალბატონი მერკელის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არანაირად არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას. მართალია, ეს ჩემთვის ახალი არ არის, მაგრამ ეს უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომელსაც წლების განმავლობაში ატყუებს ხელისუფლება," – ამბობს ბურჯანაძე.
იგი მოსახლეობას აფრთხილებს ნუ აყვება ცრუ დაპირებებს: "მოსახლეობას ვეუბნები იმას, რასაც ვხედავ, რაც კარგად ვიცი, იმიტომ რომ კარგად მესმის ობამას ენაც, მერკელის ენაც, ოლანდის ენაც და პუტინის ენაც. ჩემ მიერ გაკეთებული პროგნოზები ხდება რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი ნათქვამიდან".
"გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქმედებებმა არ უნდა შეუქმნას საფრთხე რუსეთის კანონიერ ინტერესებს, დღეს გერმანიის კანცლერმა სიტყვასიტყვით გაიმეორა, რომ ევროპის გადაწყვეტილებები რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის. დღეს მერკელმა, ისევე როგორც ადრე სხვა პოლიტიკოსებმა, დაადასტურა ის, რასაც ასევე მე თვეების წინ ვამბობდი, რომ ალტერნატივის ასე დაყენება – ან ევროპა და ან რუსეთი, ეს არის მოსახლეობის შეგნებული დეზინფორმაცია, რათა ქვეყანაში ანტირუსული ისტერია შეიქმნას. ასე რომ თუ დროულად გამოვფხიზლდებით ქართველები, იქნებ რამე გვეშველოს, ამის შანსი ჯერ კიდევ არის!" – განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.