დღეს, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ჩან შელჰუას შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყანის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და ამ მიმართულებით არსებული კონკრეტული სამოქმედო გეგმა განიხილეს.
შეხვედრისას ჩინურმა მხარემ ორი სამინისტროს მიერ თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიესალმება უწყებებში სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლებიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობენ აღნიშნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ივლისის თვეში დაგეგმილ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ჩინეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი კიდევ უფრო დააჩქარებს საქართველო-ჩინეთის მიერ შეთანხმებული ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
დავით საგანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოში მეღვინეობის განსაკუთრებულ როლს და იმედი გამოთქვა, რომ ორი სამინისტროს მეშვეობით შესაძლებელი გახდება ჩინეთში ქართული ღვინის გავრცელება.
შეხვედრისას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის სამეურნეო ტექნიკის საჩუქრის სახით გადაცემისთვის. მან ასევე ქ.სიანში გამართული კვლევით ცენტრ "იანლინში" გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრის დირექტორებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს საქართველოსთან თანამშრომლობის. მან ასევე საქართველოში ჩაისა და ღვინის მეურნეობის მნიშვნელობაე ისაუბრა და ჩინურ მხარესთან ამ მიმართულებებით თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს, ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოსთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და თბილისში ჩაისა და ღვინის დარგებში სპეციალისტების გაგზავნა შესთავაზა.
მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი ამ დარგებში ფუძეს ჩაუყრის საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობას. მან ასევე ქართულ მხარეს ჩინეთის აგრო გამოფენებში მონაწილეობა შესთავაზა და აღნიშნა, რომ მისი სამინისტრო ჩინეთში ქართული ღვინის გავრცელებას აქტიურად უჭერს მხარს.