საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასებასთან დაკავშირებულ ანგარიშზე საკუთარი კომენტარები წარადგინა.
ანაგრიშის პრეზენტაციას სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი, დღეს მინისტრების მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება არასამთავრობოების ანგარიშში გამოთქმულ მთელ რიგ მოსაზრებებს, რომლებიც მათი განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, აკნინებს, ან არასრულად ასახავს 2012 წლის შემდეგ, ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს და სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმირების აქტიურ პროცესს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მიიჩნევს, რომ ცალკეულ შემთხვევებში გამოთქმული მოსაზრებები სათანადოდ დასაბუთებული არ არის და ობიექტური რეალობის აღქმის შესაძლებლობას არ ტოვებს.
„დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონდა. რაც შეეხება კოორდინაციის ნაკლებობას, ვფიქრობთ, რომ კოორდინირებულია მთავრობა, გამართულად მიდის მუშაობა. რა თქმა უნდა, გვინდა რომ კიდევ უკეთესად იყოს ყველაფერი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთ შენიშვნას არ ვიზიარებთ", – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთანავე, საქართველოს მთავრობა დადებითად აფასებს არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში, ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, NGO-ებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის თემატური შეხვედრები გაიმართა.
ანგარიშის შემუშავების პროცესში, საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს საშუალება მიეცათ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის წერილობით მიეწოდებინათ საკუთარი შეფასებები ანგარიშში დაფიქსირებულ მოსაზრებებზე. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება.
"ძალიან ვაფასებ იმ შესაძლებლობას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვცეს, რომ ჩვენ განგვეხილა ეს ანგარიში წინასწარ, ვიდრე ეს პრეზენტაცია იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები და ასევე მოვამზადეთ კომენტარები ამ ანგარიშზე", – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს მთავრობის კომენტარები, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ანგარიშზე – „ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასება", ასახავს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს და ახალი ხელისუფლების საქმიანობის შეფასების ობიექტურ სურათს ქმნის.