რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ლოს-ანჟელესში ჩატარებულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი „The Beatles“-ის მიერ გაფორმებული კონტრაქტი. ეს ხელშეკრულება ეხებოდა 1965 წლის 31 აგვისტოს, კალიფორნიის ქალაქ დელი-სიტის „Cow Palace“-ში დაგეგმილ კონცერტს. ჯგუფის მხრიდან მას ხელი მენეჯერმა ბრაიან ეპსტაინმა მოაწერა.
აუქციონის ორგანიზატორი კომპანია „Nate D. Sanders“ გახლდათ. ეს რარიტეტული ფურცელი უცნობმა კოლექციონერმა 23 ათას 33 დოლარად შეიძინა.
ამერიკელი ჟურნალისტები ამ კონტრაქტით არც კი დაინტერესდებოდნენ, ერთი საყურადღებო ნიუანსი რომ არა. ბრიტანელი მუსიკოსების კატეგორიული მოთხოვნით, ამ ხელშეკრულებაში შეტანილი იყო სპეციალური პუნქტი, რომლის თანახმადაც მათ კონცერტს შავკანიანი მსმენელებიც უნდა დასწრებოდნენ.
თვითმხილველების მონათხრობით, 1965 წლის 31 აგვისტოს, „Cow Palace“-ში ჩატარებული კონცერტის საორგანიზაციო მხარე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. წესრიგს 150 ადგილობრივი პოლიციელი იცავდა. ამის მიუხედავად ბრიტანული ჯგუფის რამდენიმე ათასმა ამერიკელმა თაყვანისმცემელმა თავდაცვითი ბარიერები გაარღვია და სცენაზე აიჭრა. წესრიგის დამყარებამდე „The Beatles“-ის წევრებს კულისებში გადანაცვლება მოუწიათ.
ზემოთნახსენებ კონცერტს რასობრივი უმცირესობის წარმომადგენლები და შავკანიანი მსმენელებიც დაესწრნენ. ცნობილია, რომ თავის დროზე ჯგუფის წევრები სოლიდარობას უცხადებდნენ აშშ-ის შავკანიან მოსახლეობას თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლაში.