პარასკევს, 29 მაისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც განსახილველად შვიდი საკითხი იყო წარმოდგენილი. რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარემ დღის წესრიგი წარუდგინა დეპუტატებს დასამტკიცებლად, რის შემდეგაც ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ ელგუჯა ჩხაიძემ განცხადება გააკეთა. ჩხაიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ისევ გრძელდება ადამიანების სამსახურიდან უკანონოდ გაშვება. მან პოლოტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა თანაპარტიელის, ვახტანგ ზენაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება და უკანონო უწოდა. დეპუტატის განცხადებით, გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სუს-სთან დაიწყო თანამშრომლობა და მის მითითებებს ასრულებს კადრების შერჩევისას.
"მისი გამგებლობის პერიოდში მოხდა მთელი რიგი დანაშაულებრივი ქმედებები: ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის დაკავება ქრთამის არების ფაქტზე, დარღვევები უპოვართა სასადილოში, "გურიას" ბაზიდან რკინის რეზერვუარების უკანონო გაყიდვა, სტადიონიდან ე.წ. "რკინის კვადრატების" მოხსნა და გაყიდვა. გამგებელი ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს ინფრასტრუქტურული და სოფლის პროგრამების გასახორციელებლად, დროში "წელავს" და ეძებს მისთვის სასურველ ხალხს, ცდილობს, დეპუტატები სოფლის პროგრამებით მოისყიდოს. მისი ტაქტიკაა _ არაფერი დამინახავს, არაფერი გამიგონია. ყოველივე ეს გვაძლევს მიზეზს, რომ დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი", _ განაცხადა ჩხაიძემ.
"რა, ჩვენ მოსყიდულები ვართ?!", _ ადგილიდან სვამდა კითხვას რამდენიმე დეპუტატი და ჩხაიძის ამ განცხადებას შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა.
ელგუჯა ჩხაიძეს "რესპუბლიკელი" დეპუტატი რომან ბიწაძე გამოექომაგა და სუფსის მაჟორიტარს ჯუმბერ ბლაგიძეს მიმართა: "არ აქვს მნიშვნელობა, მოგვწონს თუ არა ეს განცხადება _ უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული მოსაზრების მოსმენას. თუ ეს საკრებულო პოლიტიკური ორგანოა, მსგავსი განცხადებებიც უნდა მოვისმინოთ და ავიტანოთ. ბევრ რამეს, რაც ელგუჯა ჩხაიძემ განაცხადა, არ ვიზიარებ, მაგრამ სავსებით მშვიდად მოვისმინე, რადგან საკუთარ თავზე არ მიმიღია".
საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, ბევრისთვის მოულოდნელად, ფეხზე წამოიჭრა და ბიწაძის მისამართით ხმამაღლა დაიწყო ყვირილი: "დეეგდოს ადგილას ეს სპირიდონ მცირიშვილი, 14 კაცი ვეხვეწებოდით მოსულიყო კომისიის სხდომაზე და არად ჩაგვაგდო. ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ახლა უნდა გამოიტანოს, შეკითხვები გვქონდა დეპუტატებს. დაჯექი ადგილას შენს უსუსურო, კრუხო!!!" _ ცხარობდა ტაბიძე, რომელიც საბოლოოდ დარბაზიდან კოლეგებმა გაიყვანეს და სიტუაცია განმუხტეს.
ბიწაძე კი ტრიბუნასთან მივიდა და ოპონენტებს ელემენტარული წესის დაცვისკენ მოუწოდა: "მოემართათ თავის დროზე, როგორც წესია და მივიდოდი. როცა მითხრეს, კომისიის სხდომა გვაქვს და მოდიო, მაშინ მე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავი და არ მეცალა," _ თქვა ბიწაძემ და სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი _ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ", გამოიტანა.