3 ივნისს, 11:30 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველების მობილური ჯგუფი სოციალურად დაუცველი ოჯახის 10 000 ლარით დაჯარიმების ფაქტზე პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციას ასევე დაესწრება დაზარალებული დარეჯან ჩოხელი-ჭელიძე.
დარეჯან ჩოხელი-ჭელიძე სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა ორი შვილით. ქალბატონი დარეჯანი 20 წელია, უვლის დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 600 კვ/მ მიწის ნაკვეთს, რომლის დაკანონების თხოვნით მან მერიას მიმართა. თბილისის მერიიდან საკითხი განსახილვევლად გადაეგზავნა საკრებულოს, რომელმაც, თავის მხრივ, უარი განუცხადა მოთხოვნაზე, რადგან მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ იდგა.
დარეჯან ჩოხელი-ჭელიძე მერიამ არც თავშესაფრით უზრუნველყო, რის გამოც ქუჩაში დარჩენილი ოჯახი იძულებული გახდა, აღებული სესხითა და ახლობლების დახმარებით, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაედგა ერთი ოთახი, რაც ჩოხელების ოჯახისთვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს.
აღნიშნული ქმედების გამო მერიამ დარეჯან ჩოხელი-ჭელიძე 10 000 ლარით დააჯარიმა. 2014 წლის 7 თებერვლის #131 დადგენილებით, დარეჯან ჩოხელი-ჭელიძის ოჯახი სრულად შეესაბამება მიუსაფარი პირის დეფინიციას. ქალბატონი დარეჯანის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დარეჯან ჩოხელი-ჭელიძის სარეიტინგო ქულა 7 730-ს შეადგენს.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მერიის ჯარიმას, მისი გაუქმების მიზნით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით ასაჩივრებს და მოითხოვს, დარეჯან ჩოხელ-ჭელიძის ოჯახს აღნიშნულ შენობაში ცხოვრების უფლება მიეცეს.