საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი გუშინ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა არაბულის მიერ მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს:
"მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის განცხადება არის ცილისწამება და პროვოკაცია. რასაკვირველია, არავითარი კავშირი არც ტენდერებთან და არც მუნიციპალიტეტის სხვა საქმიანობასთან არ მქონია. ყველა დიდ ტენდერზე და მასშტაბურ პროექტზე პასუხისმგებელი არის გუბერნია.
მივმართავ გუბერნატორს, ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადებების გამო განმარტება გააკეთებინონ კობა არაბულს. მივიჩნევ, რომ ასეთი ქმედების გამო მან უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ამავე დროს, მივმართავ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, თუ ჩემს მიერ რომელიმე კანონდარღვევასთან დაკავშირებით არსებობს რაიმე სახის, თუნდაც უმნიშვნელო მასალები, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ საჯაროდ და განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები".