ქალაქ ოზურგეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია ნიკოლაიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს, მას მერის მოადგილემ კობა დუნდუამ სამსახურის უხმაუროდ დატოვება და გაჩუმება მოსთხოვა; წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აუდიტის სამსახურის შესვლით დაემუქრა. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ თანამდებობა თავისი ნებით დატოვა. იგი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებს არ აკონკრეტებს და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლება
“ორ ივნისს წამოვედი სამსახურიდან; ასე ჩავთვალე საჭიროდ… უკვე დიდი ხანია ვმუშაობ, საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს… სამსახურების შეერთება მერიის გადაწყვეტილებაა, ახალი პროექტია. მე ძალიან შეგნებულად მივუდექი ამ საქმეს, ბოლოს როცა პირველი ივნისის ღონისძიება ჩატარდა, უკვე ჩაფიქრებული მქონდა, რომ წამოვსულიყავი. მე მიმაჩნია, რომ ასე ლამაზად წამოსვლა ჯობდა… მგონია, რომ სულ სხვა თაობის დრო მოვიდა,“ _ ამბობს ნიკოლაიშვილი. მისივე თქმით, სამსახურის გარეშე, ორი ააიპ-ის შერწყმისას, შტატის შემცირების მიზეზით 8 თანამშრომელი დარჩა: ქეთევან გუგუნავა, ლუარა თევზაძე, შალვა გონგლაძე, ნატო ნიკოლაიშვილი, ნანა ბერიშვილი, იამზე შარაშენიძე, ირაკლი კიღურაძე.
ინფორმაციას მუქარის შესახებ კობა დუნდუაც კატეგორიულად უარყოფს: _ არა, არ არის სიმართლე, არ მითქვამს, არანაირი მოლაპარაკება არ მქონია; მე ამის უფლება არ მქონდა, არავის დანიშვნას და არც განთავისუფლებას არ ვწყვეტ, _ გვითხრა მერის მოადგილემ.
კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის განყოფილების გამგედ ლეილა კოსტავა დაინიშნა.
‘’დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის საქმიანობის, ისე კულტურის სფეროს მიმართულებით. ვფიქრობ, რეორგანიზაციის შედეგად ეფექტურ და რეალურ შედეგზე ორიენტირებულ ორგანიზაციას მივიღებთ..’’ _თქვა დღეს ააიპ ‘’კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის’’ თანამშრომლებთან შეხვედრისას ბეგლარ სიორიძემ. მან გაერთიანებული ცენტრის ხელმძღვანელი კობა ბანძელაძე წარადგინა.
ორი ააიპ-ის შერწყმით მიღებულ ორგანიზაციაში სხვადასხვა მიმართულების 12 წრე და 6 ანსამბლია გაერთიანებული. მერიის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შემდეგ, თანამშრომლების ხელფასი საშუალოდ 24%- ით გაიზარდა; თვის ბოლოს წრის ხელმძღვანელები კვალიფიკაციის ასამაღლებლად ხუთდღიან ტრენინგზე თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიგზავნებიან.
მერის დაპირებები და ევროდონის რეაბილიტირებულ კინოს შენობაში გადასვლის მოლოდინში