ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე სანიაღვრე არხის ზედაპირზე დამონტაჟებულ რკინის ცხაურაში პატარა გოგონას ფეხი ჩაუვარდა და დაიზიანა. იგი მშობელთან ერთად საბავშვო ბაღიდან სახლში ბრუნდებოდა. როგორც ირკვევა, მსგავს ფაქტს უკვე რამდენჯერმე ქონდა ადგილი.
ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მის შვილს ჩაუვარდა აქ ფეხი, საკმაოდ დიდ ხანსაც ტკიოდა და ამის შემდეგ ცდილობენ ხიდზე აღარ გაიარონ.
ცნობისთვის, ეს ის ქუჩაა, სადაც სამუშაოები გასული წელს თვითმმართველობის არჩევნების წინ დაიწყო, გადაითხარა კვლები, თუმცა, შემდგომ სამუშაოები გარკვეული ხნით შეჩერდა მიწისქვეშ არსებული ელექტოკაბელის შესაძლო დაზიანების შიშით. თავად მოსახლეობას კი, ერთი წელია ჭიშკართან მისასვლელი გზა აღარ აქვს.
სარემონტო სამუშაოები თბილისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ამ ქუჩაზე მაცხოვრებელთა თქმით, სანიაღვრე არხის ზედაპირზე, ეს ცხაურა არასწორადაა დამონტაჟებული და იმიტომაც აქვს ადგილი ასეთ შემთხვევებს. „შესრულებული სამუშაოების უხარისხობაზე იმთავითვე გამოვთქვამდით უკმაყოფილებას, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია“ , -აცხადებენ ისინი.
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, ყველა ცხაურა სტანდარტის მიხედვითაა გაკეთებული.
„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული და აქამდე არც არავის გამოუთქვამს პრეტენზია. პროექტის მიხედვით როგორც იყო გათვალისწინებული, ყველაფერი ისე, სტანდარტის მიხედვითაა გაკეთებული. პროექტმა ექსპერტიზა გაიარა და აქამდე არანაირი პრობლემა არ წამოჭრილა. ამ საკითხს აუცილებლად შევისწავლით“, – განაცხადა ჩხაიძემ.