პოეტი, მიხეილ ღანიშაშვილი იმ ახალგაზრდებს ეხმაურება, რომლებიც სტიქიით დაზარალებულებს დახმარებას უწევენ.
"გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მის განცხადებას, რომელიც ღანიშაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
"ამ რამდენიმე ხნის წინათ, ერთ-ერთი ინტერვიუსას, დაახლოებით, ჩემი თაობის ჟურნალისტმა მკითხა, თუ რა აზრის ვიყავი დღევანდელ ახალგაზრდობაზე.
ვუპასუხე, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა ძალიან მეიმედებოდა, რადგან მოტივირებულები არიან მეთქი.
კი, მაგრამ მხოლოდ ეგ რა საიმედოა, განა ჩვენ არ ვიყავით მოტივირებულნიო?, ეწყინა მას, ვინაიდან ჩათვალა, რომ თითქოს ამითი ჩრდილს ვაყენებდი ჩვენს თაობას და კიდევ ჩამეკითხა, მაინც რაში მდგომარეობს მათი მოტივირებულობაო?
იმაში, ვუპასუხე, რომ იციან, რა უნდათ, მეტად განათლებულნი, პრაგმატულები და მიზანმიმართულები არიან, მეტი საზოგადოებრივი აქტივობა ახასიათებთ. ჩვენ სამოქალაქო ომში, ერთმანეთის სისხლში ვიბანეთ ხელები, მათ კი 2008 წელს უსასტიკეს მტერთან გმირულად იბრძოლეს და საერთოდაც, ცოდნა-განათლებაზე ორიენტირებულნი არიან, თავისი კვალიფიკაციის ასამაღლებლად მაქსიმუმს აკეთებენ, მეტად ინტეგრირებულნი არიან თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროსთან, რაც ჩვენში ნაკლებად ან სულ არ იყო მეთქი.
განა ნეგატივი ნაკლებია მათში? კიდევ მკითხა ჟურნალისტმა და ჩამოთვალა ის ხინჯები, რაშიც ახალგაზრდობას წაუცდება ხოლმე ხელი: კრიმინალი, ნარკომანია, ალკოჰოლი, არატრადიციული ურთიერთობები, მეტყველების დანაგვიანება და ა. შ.
კი, მართალი ხართ, ეგ ცდუნებები ამათაც აქვთ, ვუპასუხე, მაგრამ ჩვენს, საბჭოურ თაობას პროცენტულად ალბათ მაინც ვერ შევადარებთ, რადგან მაშინ ხომ სოციალური უმსგავსობა ცხოვრების წესი იყო და ახალგაზრდობაც, ძირითადად, პარაზიტული, კრიმინალური არსებობის ფილოსოფიით იზრდებოდა! ცხადია, ამ მხრივ მათში ანომალიები დღესაც არის, ახალგაზრდობის რაღაც ნაწილი, ინერციით, ახლაც მიყვება ცხოვრების ძველ წესებს, მაგრამ, სამაგიეროდ, პროგრესულობისა და ცივილიზებულობისკენ სწრაფვის ტენდენცია გაცილებით სჭარბობს ბნელ წარსულში ჩარჩენილობისკენ სწრაფვის ტენდენციას მეთქი.
არ ვიცი, დავაჯერე თუ არა მაშინ ის ჟურნალისტი, მაგრამ, ამ დღეებში, ვერის ხეობაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, დედაქალაქის დასუფთავებაში და დაზარალებულთა მიმართ თანადგომის საქმეში ჩვენი ახალგაზრდობის მიერ გამოჩენილმა არნახულმა აქტიურობამ მე, პირადად, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სულ სხვა, ძველზე გაცილებით უკეთესი თაობა მოდის საქართველოში.
ეს არის ახალგაზრდობა, თავისუფალი კომუნისტურ-კომკავშირული, რუსულ-საბჭოური კლიშეებისაგან, თავისუფალი მანქურთულ-ჰომოსოვიეტიკუსური აზროვნებისაგან, თავისუფალი რეგრესულ-კონსერვატორული შეხედულებებისაგან. ორიენტირებული დასავლურ-ცივილიზებულ ფასეულობებზე, რომელშიც პირველი ადგილი ნამდვილ პატრიოტიზმს, პროგრესს, უფლებებს, სოლიდარულობას და ცივილიზებულობას უჭირავს.
ეს ჩვენი შვილების თაობაა, ამიტომ მეამაყება და მეიმედება, რომ ისინი აუცილებლად შეძლებენ ჩვენზე უკეთ უპატრონონ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, მის დამოუკიდებლობას და სახლმწიფოებრიობას, ერთმანეთს!
მადლობა ყოველივე ამისთვის მათ – მამების საიმედო ცვლას და ქვეყნის გარანტირებულ მომავალს!“, _ წერს ღანიშაშვილი.