13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით მზიურის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ცხედარს იდენტიფიცირება ჩაუტარდა და დადგინდა მისი ვინაობა. გარდაცვლილი 1991 წელს დაბადებული ივლიტა ჯიბუტია, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.
ამასთანავე, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევის შედეგად სტიქიის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნო ივანე იოსების ძე გელაშვილი (დაბ. 09.02.1961). შესაბამისად დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის ისევ 7 ადამიანს შეადგენს.
ასევე, ბოლოს მიღებული ინფორმაციით, მზიურის ტერიტორიაზე ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი, რომელიც ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მსხვერპლის გაზრდასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.