ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, ზოოპარკის ტერიტორიიდან ხელბორკილებით გაიყვანეს.
ზოოპარკთან, სადაც რამდენიმე წუთში პრესკონფერენცია უნდა დაიწყოს, ჩვენი კორესპონდენტიც იმყოფება. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით ამ ფაქტს არავინ ადასტურებს.
წყარო, რომელსაც “გურია ნიუსი“ ესაუბრა, ამბობს, რომ ამგვარ ინფორმაციას არ ფლობს და ამგვარი ინტერპრეტაცია, შესაძლოა, ზოოპარკის დირექტორის დაკითხვას უკავშირდებოდეს. შეგახსენებთ, რომ დღეს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა.
დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში და ამბობენ, რომ დასაზუსტებლად ზოოპარკის პრესცენტრს მივმართოთ.
ჩვენ პრესკონფერენციის დაწყებისთანავე შემოგთავაზებთ დაზუსტებულ ინფორმაციას.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა საკუთარი განცხადებების გამო, რომლის თანახმადაც არცერთი მტაცებელი ცხოველი ქალაქში თავისუფლად არ დადიოდა.
ეს განცხადება პრემიერმა საგანგებო შტაბის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის შტაბის წევრებს დაავალა პირადად დაადგინონ რამდენი ცხოველი დაიღუპა, რამდენი ითვლება დაკარგულად და რამდენი არის ზოოპარკში გადარჩენილი.
ის მოუწოდებს შტაბის წევრებს, რომ არ გაითვალისწინონ ზოოპარკის თანამშრომლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის პრემიერმა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელს მინდია ჯანელიძეს უსაყვედურა.