"თავისუფალი ზონის" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა ბესო ქათამაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა პოლიციის მიერ დილით, მის საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით.
"დღეს დილით ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ჩემი საცხოვრებელი სახლი. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ეს ქმედება არის ჩემი ოჯახის და მეგობრების დაშინების მცდელობა. ამ ფაქტს წინ უსწრებდა გურიის გუბერნატორის შეხვედრა ძალოვანი უწყებების ხელმძღვალებთან, სადაც ჩემი ინფორმაციით, განიხილეს თემები გურიაში გაუარესებული კრიმინოგენულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ისაუბრეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე პირთა მიმართ გასატარებელი სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ.
24 საათიც არ დააყოვნეს, ისე დაიწყეს გუბერნატორის მითითებების ასრულება. მივმართავ ქვეყნის უუნარო და უნიათო მმართველებს შეწყვიტონ გნსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დევნა და დაკავდნენ გაუარესებული კრიმინოგენული სიტუაციისა და სოციალური პრობლემების მოგვარებით." – განაცხადა ბესო ქათამაძემ