საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მდინარე ვერეს აუზის აეროფოტო გადაღებას იწყებს. სამუშაოები, რომლებიც დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის აეროფოტო გადაღებას ითვალისწინებს, პროექტის – „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის -საქართველოს ორთოფოტო"- ფარგლებში მოხდება. აღნიშნულ პროექტს საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან ერთად ახორციელებს. ტექნიკურ სამუშაოებს უკრაინული კომპანია Aviation Accounting Centre ჩაატარებს.
აეროგადაღების საფუძველზე შეიქმნება საკვლევი ტერიტორიის ციფრული მოდელი, მიღებული დამუშავებული კარტოგრაფიული მასალის გამოყენებით კი განახლდება გეოგრაფიული მონაცემები – რელიეფი, ტყის საფარი, გზა, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, კერძო საკუთრების საზღვრები, მდინარის კალაპოტი და სხვა. მოხდება სტიქიის შედეგად გამოწვეული ცვლილებების ვიზუალური და შინაარსობრივი ანალიზი, დედამიწის ზედაპირის მოდელირება და მაღალი სიზუსტის სამგანზომილებიანი მონაცემების შექმნა.
აეროგადაღების შედეგად მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს სტიქიით მიღებული ზარალის შეფასების ზუსტ ანალიზს და შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს გარემოს დაცვითი კვლევების, გეომორფოლოგიის, ჰიდროლოგიისა და სხვა დარგების კვლევითი სამუშაოების განსახორციელებლად.
აეროფოტოგადაღებებს უკრაინული კომპანია Aviation Accounting Centre ივლისის დასაწყისში განახორციელებს. უკრაინელ კოლეგებთან ერთად აღნიშნულ სამუშაოებში აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც.
პროექტს "რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის – საქართველოს ორთოფოტო" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის პროექტის შესრულება და ერთიანი ორთოფოტო სურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხდება.
პროექტი საქართველოს ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს. ორთოფოტოებს სააგენტო 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტი, რომლის არეალს საქართველოს მთელი ტერიტორია წარმოადგენს, 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.
"რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო" ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1420000 ევროს, სააგენტოს შენატანი კი- 305 000 ევროს.