შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამაზ ა. თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული იძულებით გადაადგილებულ პირს – ლოლიტა ბ-ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის დროულად მიღებაში დახმარებას დაჰპირდა და სანაცვლოდ მოსთხოვა 2000 ლარი, ხოლო წინასწარ გამოართვა 250 ლარი.
სამართალდამცველებმა რამაზ ა. თანხის გამორთმევის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას თაღლითური გზით აღებული ფული – 250 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს თაღლითბის მცდელობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.