2015 წლის 3 ივლისს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
2015 წლის 3 ივლისს, ქ.თბილისის პროკურატურაში მიღებული იქნა ფილიპე ბაბაიანის განცხადება, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 4 აპრილს, შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ქ.თბილისში, ევროპის მოედანზე არსებულ ღამის კლუბ "ნაინი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფილიპ ბაბაიანს და მის მეგობარ არტურ ოგანეზოვს, რაც გაგრძელდა მათი ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გადაყვანის შემდგომაც. აღნიშნულის შედეგად ფილიპ ბაბაიანმა და არტურ ოგანეზოვმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.
გამოძიების დაწყებისთანავე საგამოძიებო ჯგუფის მიერ დაიგეგმა და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.