სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველები ვაკის პარკიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკებით მივლენ. ამის შესახებ sportall.ge წერს.
მათივე ინფორმაციით, თბილისურ სუპერთასზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება.
გულშემატკივარმა უნდა გაითვალისწინოს, რომ არა სტადიონის სალაროებთან, არამედ ვაკის პარკში მოუწევს შეკრება.
ისინი სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკით მივლენ, 50-კაციან ჯგუფებად.
შეკრების ადგილზე რიგითობასა და უსაფრთხოებას პოლიცია და პატრული დაიცავენ. შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ადგილზე უფასო იქნება წყალი. დამონტაჟდება ბიოტუალეტები.
სტადიონზე უკვე დაიწყო დროებითი სალაროების მონტაჟი და მალე დასრულდება ბილეთების დაბეჭდვა.
ბილეთების გაყიდვა, კვირის ბოლომდე დაიწყება. პროცესის დაწყების ზუსტი თარიღი რეალიზაციამდე 48 საათით ადრე გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, ტექნიკური ხარვეზის გამო, ვერ მოხერხდა ბილეთების ინტერნეტსაიტით გაყიდვა. მიიღეს გადაწყვეტილება მათი რეალიზაცია სტადიონის სალაროებში მოეხდინათ. თბილისში 22 000 ბილეთის გაყიდვა იგეგმება.
უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.