თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებას , რომ მარჯვენასაჭიან მანქანებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გაიმართოს კონსულტაციები, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ეხმაურება.
"არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე კრძალავს ან არ უშვებს ასეთ მანქანებს, ვინაიდან ისინი გარკვეული თვალსაზრისით აფერხებენ მოძრაობას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს", – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, რომ ეს აკრძალვა საზოგადოების მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
"დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ამ უნიათო მთავრობის ძალიან სახიფათო გადაწყეტილება, რომელიც ქალაქის მერმა, დავიტ ნარმანიამ გააჟღერა და მარჯვენა საჭიანი მანქანების აკრძალვას ეხება. მთელი 2 წლის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ ქვეყნის განვიათრებაზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე იზრუნოს, მთავარ ფოკუსს დამატებითი შეფერხებებისა და პრობლემების შექმნაზე აკეთებენ.
იცით, რომ ავტომანქანები მხოლოდ კომფორტის საშუალება არაა და მას საქართველოში შემოსავლის დატვირთვაც აქვს. ეს რეგულაცია კი, კიდევ უფრო დუხჭირს გახდის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას.
არ გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ხელისუფლების წარმომადგენლების პერსონალური ინტერესები ედოს.
ეს არის მოსახლეობისთვის დამატებით შექმნილი პრობლემები იმის ფონზე, რომ ქვეყანაში გაჩერებულია უამრავი პროექტი, არაა სამუშაო ადგილები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ლარი დღითიდღე უფასურდება. მთავრობამ კი ამ 2 წლის განმავლობაში, არათუ იზრუნა საკუთარ მოქალაქეებზე, არამედ პირიქით – ისინი დაკავებულები არიან საკუთარ კეთილდღეობასა და ნათესავებზე ზრუნვით. პრობლემებს უქმნიან მოსახლეობას იმისთვის, რომ თვითონ ცხოვრობდნენ კარგად და ყველა დანარჩენს საქართველოში უჭირდეს. ასეთ ადამიანებს ხელსუფლებაში ყოფნის შანსი არ აქვთ. მათ ძალიან მალე მოუწევთ იმ პოზიციების დატოვება, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ."