ჩვენი ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველ სართულზე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის კაბინეტი სამუშაოდ სუს-ის ერთ-ერთი დანაყოფის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ახალგაზრდა თანამშრომელს გამოეყო.
ჩვენთან საუბარში ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ხელაძე ადასტურებს, რომ მას მართლაც მოუწია კაბინეტის დათმობა მისთვის უცხო პირისთვის.
"მე ჩემს თანამშრომლებთან გადავედი, ძველ კაბინეტში კი დროდადრო ახალგაზრდა, ჩემთვის უცხო პიროვნებას ვხედავ. არ ვიცი ვინაა და რა თანამდებობა უკავია, სიმართლე გითხრათ, არ დავინტერესებულვარ", – განაცხადა ხელაძემ.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუ ვინ არის ის ახალგაზრდა, რომელიც გამგეობის შენობის ერთ-ერთ კაბინეტს იკავებს, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს მაგული კუნჭულიას დავუკავშირდით, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს ვინ არის ახალი თანამშრომელი, თუმცა, თავის მხრივ, გამგეობაში "ოდეერის" დანიშვნაც უარყო.
"ოდეერის" გამგეობაში ყოფნას ასევე არ ადასტურებს გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი ქრისტინე ზენაიშვილიც, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით, არ ფლობდა ინფორმაციას და შეგვპირდა, რომ გადაამოწმებდა. შესაბამის სამსახურებში გადამოწმების შემდეგ კი ზენაიშვილმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.