დღეს ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონის სააქტო დარბაზში, საფეხბურთო კლუბ "გურიას" ხელმძღვანელობამ ადგილობრივ მედიას გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი წარუდგინა.
კლუბის პრეზიდენტის და ამავდროულად მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, ის მოხარულია წარმოშობით ლანჩხუთელი და რაც მთავარია გამოცდილი მწვრთნელის გუნდში მოყვანით.
"ჩვენი მიზანია რაც შეიძლება გახსნილები ვიყოთ საზოგადოებასთან ურთიერთობაში. იცით, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს და მინდა წარმატება ვუსურვო მას. ჩემზე კარგად მოგეხსენებათ კახას წარსული, ლანჩხუთთან დამოკიდებულება და ბევრს არ ვისაუბრებ ამაზე. ჩვენც ვეცდებით მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მას და მართალია ჩვენისთანა მუნიციპალიტეტის კვალობაზე ეს რთული საქმეა, როცა გაცილებით ძლიერ რაიონებს უჭირთ კლუბის შენახვა, მაგრამ მაინც".
გამგებელი არსებული რეალობის გათვალისწინებით ახალი სეზონის პირველ წრეში შედეგზე აქცენტს მაინცდამაინც არ აკეთებს, მაგრამ "მადა ჭამაში მოდის" პრინციპით უკეთესი შედეგი სურს.
"საერთოდ მადა ჭამაში მოდის და წელს სადღაც ზედა შვიდეულში გვსურს გამაგრება. ვნახოთ მეორე წრეში უკეთესი პირობები იქნება და უკეთესი შედეგიც გვინდა. ყოველ შემთხვევაში ათეულს ქვემოთ ყოფნა ნაღდად არასასურველი შედეგი იქნება" .
ამის შემდეგ კახა გოგიჩაიშვილმა დაასახელა ის სავარაუდო ბირთვი, რომლის ხარჯზე მოუწევს "გურიას" სასურველი შედეგის მიღწევა.
"გეტყვით იმ ფეხბურთელების ვინაობას ვინც ჩემთან ერთად მოვიდნენ გუნდში. ესენია მეკარე დაუშვილი, ორბელაძე , ჩიკვილაძე და ხიზანეიშვილი, მჭედლიშვილს ვაკვირდებით კიდევ, ვნახოთ. ასევე მაისურაძე "ვიტ ჯორჯიადან" , ჯიქია და ჩადუნელი ფოთიდან, ციცხვაია ("მერანი") და კობერიძე "ზუგდიდიდან", ნოზაძე რუსთავიდან. გუნდის რამდენიმე ლიდერი ალბათ, იცით რომ ისევ დარჩა კლუბში – კოშკაძე, შალამბერიძე და სხვები. ამათ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი დაემატება, როგორც კლუბის ძველი შემადგენლობის, ასევე ახალწვეულების სახით.
სამი ამხანაგური სპარინგი გვაქვს დაგეგმილი და შემადგენლობაში საბოლოოდ შევჯერდებით. ძირითადი ბირთვი რა თქმა უნდა შერჩეულია, რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ დავაკვირდებით და თვის ბოლოსთვის საბოლოო შემადგენლობას შევარჩევთ" – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
როგორც ირკვევა გუნდში სათამაშო რგოლების მხრივ უფრო შემტევების პრობლემაა.
"არსებული რესურსებით რაც მოვახერხეთ ფეხბურთელების შერჩევა, ესაა. როგორც სხვა კლუბებს ჩვენაც უფრო თავდამსხმელების პრობლემა გვაქვს. მთლიანად ქვეყანაშია კარგი შემტევების დეფიციტი და გასაკვირი ეს სულაც არაა. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ თავს ციცხვაია, ჯიქია, იგივე წილოსანი. ბახიასაც მიქებენ ძალიან. ვნახოთ ყველაფერი მალე გამოჩნდება“"- დასძინა "გურიას" მთავარმა მწვრთნელმა.
სიახლეა ის, რომ აუცილებელი მოთხოვნაა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ორი ფეხბურთელი მაინც იყოს 21 წლამდე ასაკის. ამ კუთხითაც მოხდა ახალი ფეხბურთელების შერჩევა და გოგიჩაიშვილის თქმით, გუნდში 5 – 6 ამ ასაკის კარგი ახალგაზრდა არის, რომლებსაც შეუძლიათ კარგი თამაშის ჩვენება.