პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება გახსნეს, რომელიც 1048 მსჯავრდებულზეა გათვლილი.
სრულად რეაბილიტირებული და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული დაწესებულების გახსნას ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, მთავრობის წევრები, ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში ტრეისი ნევილი და ვისკონსინის სასჯელაღსრულების უწყების დელეგაცია დაესწრო.
რეკონსტრუქციის შედეგად, დაწესებულებაში გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსები, რომლებშიც მოეწყო დასასვენებელი სივრცეები, დაწესებულების პოპულაციის რაოდენობაზე გათვლილი საშხაპეები, სამრეცხაო-საშრობები, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სტანდარტის დაცვით, თითეულ მსჯავრდებულზე გამოიყო 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, ყველა სართულის ფლიგელში განთავსებულია სოციალური სამსახურის სამუშაო ოთახები. იატაკი მოპირკეთდა სპეციალური საფარით, რომელიც ზამთარში სითბოსა და სიმშრალეს ინარჩუნებს. დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა, განათება, წყალ-კანალიზაცია.
საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის პარალელურად, აშენდა მულტიფუნქციური შენობა, რომლის პირველ სართულზეც განთავსდა სასადილო, ხოლო მეორე და მესამე სართულზე – ბიბლიოთეკა, საკლასო და კომპიუტერული კაბინეტები, აუდიტორიები, სოციალური პროგრამებისთვის საჭირო სივრცეები და ა.შ.
ინფრასტრუქტურა მოეწყო მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.
ხანგრძლივი პაემნებისთვის მოეწყო 20 ოროთახიანი სივრცე შესაბამისი ავეჯითა და სველი წერტილებით.
მსჯავრდებულებისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარეობს ორსართულიანი სამედიცინო ნაწილი, რომელიც სრულადაა მორგებული მათ საჭიროებებზე.
გარემონტდა სამზარეულოს შენობა და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.
დაწესებულების ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია ჯანსაღი ცხოვრების წესიც, რომლის ეზოს ტერიტორიაზე მოეწყო ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი ღია მოედნები და სპორტდარბაზი.
დაბალი რისკის დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარეობს საწარმოო ზონაც, სადაც მსჯავრდებულები დასაქმდებიან და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის 2014 წლის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში N16 დაწესებულების თანამშრომლებმა ვისკონსინის შტატში სწავლება გაიარეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შეფასების, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებს დაეთმო.
"ამ დღისთვის, იმისთვის, რომ ჩვენს ხალხს ღირსება დაბრუნებოდა, რომ მსჯავრდებულს სასჯელი ადამიანის უფლებების სრული დაცვით მოეხადა, ჩვენმა ხელისუფლებამ რევოლუციური ნაბიჯები გადადგა.
სწორედ ამ ახალი სისტემის ნაყოფია N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან და სადაც ყველა პირობაა შექმნილი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის. N16 დაწესებულება პირველია საქართველოში, რომელიც სრულად გადადის ე.წ. იუნით მენეჯმენტზე, რაც თითოეული მსჯავრდებულისთვის სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვასა და შესრულებას უზრუნველყოფს. რისკების საფუძველზე მსჯავრდებულთა გადანაწილების ახალი სისტემით ყველა მსჯავრდებულს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ემორჩილება კანონს და იცავს წესრიგს, შესაძლებლობა ექნება მოხვდეს აღნიშნულ დაწესებულებაში" – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა, რომელმაც აშშ-ს მთავრობასა და ევროკავშირს პენიტენციური სისტემის გაჯანსაღებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
სისტემაში მიღწეულ წარმატებებსა და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელმა და ევროკავშირის ელჩმა.
გიორგი მღებრიშვილის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, მსჯავრდებულები ოთხი სახის საშიშროების რისკის მიხედვით დაიყოფიან, რაც დაბალ, საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის კატეგორიას მოიცავს. მსჯავრდებულთა რისკების შეფასების ჯგუფი თითოეულ მსჯავრდებულს ინდივიდუალურად შეაფასებს და რისკის კატეგორიას განუსაზღვრავს. აღნიშნულის შესაბამისად, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში საშიშროების დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულები განთავსდებიან.
(R)