ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების" კომისიის თავმჯდომარის, შოთა ართმელაძის გადაყენების საკითხი გავა. როგორც ცნობილია, შოთა ართმელაძე რამდენიმე დღის წინ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
"როგორც საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკურ შეფასებას ვაძლევ აღნიშნულ ფაქტს და საკრებულოს წინაშე ვაყენებ საკითხს საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივის რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც ხაზს უსვამს ჩვენს პრინციპებს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებთან მიმართებაში, რომლიც ჰგმობს არაკანონიერ, არასამართლებრივ, არასახელმწიფოებრივ ქმედებებს" – განაცხადა დავით დარჩიამ
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკრებულოს წევრები, ეს ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით გახდება ცნობილი.