მთავრობის მიერ დაანონსებული "ქამრების შემოჭერის" პარალელურად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი _ არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური იქმნება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, "საქართველოს ორგანული კანონის _"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეიმუშავა დადგენილების პროექტი "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ". ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება განპირობებულია არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხების სპეციფიკით, სამუშაოს დიდი მოცულობითა და სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში მისი განსაკუთრებული მნიშვნელობით. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის სამსახური ჩამოყალიბდეს ცალკე სტრუქტურულ ერთეულად."
ჩვენს კითხვაზე, რატომ იქმნება ახალი სამსახური იმ პირობებში, როცა ბიუჯეტს პრობლემები აქვს კუჭავას პასუხი ასეთია:
"აღნიშნულს არავითარი კავშირი არ აქვს "ქამრების შემოჭერასთან", ანუ ახალი სამსახურის შექმნა შტატების გაზრდას კი არ ითვალისწინებს, არამედ, აქამდე არსებული ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ორად გაყოფას," _ ამბობს გამგებელი.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით ახალ სამსახურს გოგი ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. კითხვაზე _ სამსახურს კონკრეტული პირისთვის ხომ არ ქმნიან, გამგებელი ასეთ კომენტარს აკეთებს:
"რაც შეეხება სამსახურის უფროსს, როცა დანიშვნის ბრძანებას მოვაწერ ხელს, მისი ვინაობა ცნობილი მაშინ იქნება".