ქალაქ ოზურგეთის 8 საბავშვო ბაღში, როგორც ოზურგეთის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ნინიძე ამბობს, სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება.
_ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს შეწყდა და განახლდება 1 ოქტომბერს. სექტემბერში იგეგმება მცირე სარემონტო სამუშაოები. გავითვალისწინეთ სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეკომენდაციები კვების ბლოკთან დაკავშირებით უსაფრთხოების ნორმების დასაცავად – გვითხრა ეკა ნინიძემ.
ოქტომბრამდე მორიგე ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, ეკა ნინიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით, არ იგემება მორიგე ჯგუფების შექმნა. ამის შესახებ განცხადება მშობლებისგან არ შემოსულა.
მორიგე ჯგუფების შექმნა არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იგეგმება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მექვაბიშვილის თქმით, სააღმზრდელო პროცესი 21 სექტემბერს იწყება.
"- სააღმზრდელო პროცესის განახლება 15 სექტემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ 23 საბავშვო ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ვცდილობთ, ახალი სააღმზრდელო პროცესს მომზადებულები შევხვდეთ" _ გვითხრა ავთანდილ მექვაბიშვილმა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ლანჩხუთის 21 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 1ოქტომბერს დაიწყება.
რაც შეეხება ჩოხატაურს, დასაქმებულთა შვილებისთვის, 2011 წლის შემდეგ მორიგე ჯგუფები იქმნება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "გურია ნიუსს" ის მშობლები დაუკავშირდნენ, რომლებიც მუშაობდნენ და შვილების დატოვებას ვერსად ახერხებდნენ.
"გურია ნიუსმა" საკითხი ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნო, საკრებულოს სხდომაზეც დააყენა და შედეგად უკვე მეოთხე წელია დაბის სამივე ბაღში მორიგე ჯგუფია შექნილი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სარემონტო სამუშაოების გამო, დაბის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გვიან დაიწყო, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაბასთან ყველაზე ახლოს, სოფელ გოგოლესუბანში მორიგე ჯგუფი იყო გახსნილი.
წელს ჩოხატაურში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.