ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები – იასონ მილაძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, ალექსანდრე ციმაკურიძე, სოსო ჩაკვეტაია, ალექსანდრე სანიკიძე და გიორგი გულბიანი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.
მათი გათავისუფლების მიზეზი ადვოკატების მიერ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა გახდა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.
ყველა მათგანი სასამართლოს დარბაზიდან მოქმედი სპეცრაზმელების, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების თავდებობის საფუძველზე გათავისუფლდნენ. 7 ბრალდებულს თავდებში 7 მოქმედი სპეცრაზმელი ჩაუდგა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, კერძოდ, ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე თავდაპირველად ბრალდება 12 პირს წარუდგინეს, აქედან კი 11 დააკავეს. შემდეგ ხელმძღვანელი პირების საქმიდან რიგითი სპეცრაზმელების საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო.
რიგითმა სპეცრაზმელებმა, მათ წინააღმდეგ დაწყებული საქმის ფარგლებში, ასევე ხელმძღვანელი პირების საქმეზე, ირაკლი ფირცხალავას, კახა ნაკანის და კიდევ რამდენიმე პირის მამხილებელი ჩვენებები მისცეს.
სპეცრაზმელებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის ფარგლებში დააკავეს, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებიან.
ამ დროისთვის, პატიმრობაში რჩებიან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, ვინაიდან ამ საქმეზე დაკითხულია შვიდივე მათგანი და გამოკვლეულია მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი, აღარ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და სწორედ ამ მოტივით პროკურატურა დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას.