"კობა ხარშილაძეს, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსს და მიხეილ ძაძამიას, როგორც დაცვის ცვლის უფროსს, ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი, მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები. კერძოდ, დაარღვიეს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაცვის ჯგუფის ინსტრუქტაჟის ოქმში მითითებული იმპერატიული მოთხოვნები: ”არ მიატოვონ დასაცავი პირი, უარი განუცხადონ მას ყოველგვარი თხოვნისა თუ მოთხოვნის შესრულებაზე, რაც არ შედის დაცვის თანამშრომლის ფუნქციონალურ მოვალეობაში, არ დაუშვან დასაცავი პირის თანხლების გარეშე გადაადგილება.” მათ, ასევე, დაცვითი ღონისძიების დაგეგმის და ოპერატიული მართვის სამმართველოს სამორიგეო განყოფილებასა და სამსახურის შესაბამის დანაყოფებს არ შეატყობინეს დასაცავი პირის გადაადგილებისა და თბილისში, საბურთალოზე მდებარე ბინის მონახულების შესახებ. კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება. მიხეილ ძაძამიამ, კობა ხარშილაძესთან შეთანხმებით, დასაცავი ობიექტი მიიყვანა ოპერატიულად შეუსწავლელ ობიექტზე და რამდენიმე საათის განმავლობაში ყოველგვარი დაცვის გარეშე დატოვა. ბრალდებულების მიერ სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის მოსპობა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი სათათბიროდ გასვლიდან 3 საათსა და 30 წუთში, 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. ნაფიცმა მსაჯულებმა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს სასჯელის დანიშვნის სხდომაში და სასამართლოს ორივე ბრალდებულის მიმართ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციით მიმართეს. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი.
სასამართლომ მსაჯულთა რეკომენდაციის გათვალისწინებით და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ბრალდებულ კობა ხარშილაძეს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 9 თვის ვადით განუსაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, განაჩენთა შთანთქმის პრინციპით ინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. კობა ხარშილაძეს, ე.წ. ”გრინ სერვისის საქმეზე”, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აგვისტოს განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 2 წლის ვადით პირობითი მსჯავრი. შესაბამისად, წინა განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, კობა ხარშილაძეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და პირობითი მსჯავრი 2 წლით.
სასამართლომ მიხეილ ძაძამიას ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის გათვალისწინებით და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთა 8 თვისა და 23 დღის ვადით განუსაზღვრა.
გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია გასაჩივრდეს ერთჯერადად, საკასაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას", _ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.