დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიამ "სითი პარკთან" ხელშეკრულებაში ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო.
"ერთი თვის წინ ჩვენ "სითი პარკს" შევთავაზეთ ცვლილებების ჩვენეული ვერსია და მივეცით ერთ თვიანი ვადა, რომ გაეანალიზებინათ ვითარება და მოეცათ არგუმენტირებული პასუხი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელშეკრულება შევცვალოთ ისე, რომ მოხდეს ქალაქზე მიყენებული ზარალის კომპენსაცია. ამასთან, დაჯარიმების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბალანსი და თანაბრად განაწილდეს შემოსავლები "სითი პარკსა" და ბიუჯეტს შორის" – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, უნდა აიკრძალოს ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა და შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით.
"უნდა განხორციელდეს ეს და სხვა მსგავსი ხასიათის ცვლილებები, რამაც უნდა დაასრულოს ამ ერთი კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე"- განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების განვითარებაზე. ტარდება კვლევა კონკრეტული ტერიტორიების ასარჩევად, რამაც ამ თვალსაზრისით "სითი პარკის" მონოპოლიური მდგომარეობა უნდა შეასუსტოს.
"ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკურ პოპულიზმზე აგებულ განცხადებებს და საქმიანად გვსურს პრობლემის მოგვარება. ამასთან, გვინდა ავღნიშნოთ, რომ თუ „სითი პარკი“ არ წამოვა გონივრულ ცვლილებებზე, თბილისის მერია უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებას არ გამორიცხავს" – განაცხადა დავით ნარმანიამ.