ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი, ცნობილ ლოტბარის, ოთარ ბერძენიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ, ანჩისხატის ეკლესიაში შედგება.
_ ძალიან დიდი დანაკლისია ბატონი ოთარის გარდაცვალება. ბოლო პერიოდში ის ავადმყოფობდა. მას დღეს გადაასვენებ თბილისში, სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ შედგება, ანჩისხატის ტაძარში. მისი დაკრძალვა სამშაბათს მოხდება. – გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ მამალაძემ.
“გურია ნიუსს“ ცნობილ ლოტბარებს ანზორ ერქომაიშვილს და ტრისტან სიხარულიძეს დაუკავშირდა.
_ მინდა ვთქვა, რომ ოთარის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული ფოლკლორისათვის. იგი იყო უდიდესი პიროვნების ვლადიმერ ბერძენიშვილის შვილი და მისგან ჰქონდა ნასწავლი სიმღერები. ასევე მამაჩემისგან სწავლობდა ხალხურ ქართულ სიმღერებს. ოთარი ითვლებოდა საუკეთესო მომღერლად. მე ვთვლი, ასეთი ბანი ბოლო პერიოდში, არა მარტო გურიაში, არამედ მთელ საქართველოში არ იყო. დატოვა უნიკალური ჩანაწერები, რომელიც ოქროს ფონდში შევიდა. ვფიქრობ, რომ ის სკოლა, რომელსაც ჰქვია სიმონიშვილების, ბერძენიშვილების, ერქომაიშვილების და ჩავლეიშვილების, ამ სკოლის უდიდესი დანაკლისია ოთარის გარდაცვალება. მისი სახელი დიდხანს დარჩება ქართულ ფოლკლორში. – გვითხრა ანზორ ერქომაიშვილმა.
_ ეს იყო ისეთი პიროვნება, რომ შეიძლებოდა ემღერა ყველა კარგ მომღერალს. ის იყო არაჩვეულებრივი მცოდნე, ნიჭიერი, კარგი მამის შვილი და თავის საქმეზე დიდად შეყვარებული და არაჩვეულებრივი მომღერალი, რომელზედაც შეიძლება დაყრდობილიყო დასავლეთ საქართველოს ის თაობა, რომელსაც გურული სიმღერების ცოდნასთან ჰქონდა საქმე.
მე მასთან, ჩემს ბიძაშვილთან გური სიხარულიძესთან ერთად გვაქვს გურული სიმღერების ჩანაწერი გაკეთებული და ამით ყოველთვის ვამაყობ. ეს ჩანაწერი ანზორ ერქომაიშვილის მეშვეობით ჩაიწერა. ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, რომ ოთარ ბერძენიშვილთან ნამღერი მაქვს. _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ტრისტან სიხარულიძემ.
ოთარ ბერძენიშვილი დაიბადა, ჩოხატაურის რაიონში, სოფელ გოგოლესუბანში 1928 წლის 13 მაისს. 1959 წლიდან ხელმძღვანელობს თვითმოქმედ ანსამბლებს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. არის ბანის პარტიების საუკეთესო შემსრულებელი. აღადგინა და პოპულარიზაცია გაუწია მრავალ დავიწყებულ ხალხურ სიმღერას. ხალხური მომღერალი (ბანი), ლოტბარი. 1978 წელს – ის გახდა საქართველოს დამსახურებული არტისტი.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ვებ-გვერდზე ოთარ ბერძენიშვილის შესახებ შემდეგი სახის წერილი ვნახეთ, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
“ბიჭო, ოთარ! ქართული სიმღერის აღვირი გიჭირავს ხელში და გაუფრთხილდი. არ გაამაყდე, ღმერთმა მოგანიჭა ეს ნიჭი და იცოდე, მარტო შენ არ გეკუთვნის, მთელი საქართველოსია. სანამ იმქვეყნად წახვიდოდე, ყველაფერი აქ, ხალხში უნდა დატოვო” – ასეთი იყო მამის, ვლადიმერ ბერძენიშვილის ანდერძი… “ვინც შეგირდი არ ყოფილა, ის ვერასოდეს გახდება ოსტატი”, თუნდაც ღმერთმა წყალობით გადმოგხედოს და ლადიმე ბერძენიშვილის შვილობა გარგუნოს. აკვნიდანვე შეიტკბო ქართული სიმღერის მადლი დედის – ჩინებული მომღერლისა და მეჩონგურისაგან. ხუთი წლის ოთარს მამამ დააწყებინა სიმღერა. ცამეტი წლისამ კი დიდი გამოცდა ჩააბარა, სიცოცხლის ბოლომდე დაუვიწყარი: “ჩვენ მშვიდობა” და “კალოს ხელხვავი” ვარლამ სიმონიშვილსა და ვლადიმერ ბერძენიშვილთან თქვა! სიმღერებში გაიზარდა და დავაჟკაცდა, სულ სიმღერა ესმოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომღერლები ლადიმეს ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს. თბილისის ცენტრალური სამუსიკო ათწლედის დამთავრების შემდეგ, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, სწავლაში ხელი “მრისხანე ჟამმა” შეუშალა: 1956 წლის 9 მარტის ტყვიას კი გადაურჩა, მაგრამ სამი წლით თბილისს განერიდა, ოცდახუთწლიან პატიმრობას ან დახვრეტას რომ გადარჩენოდა. კონსერვატორია ვერ დაამთავრა, სისხლხორცეულ საქმეს კი მალევე დაუბრუნდა: ტრიოები, ანსამბლები, გუნდები, რაიონებში მუშაობა, პედაგოგიური საქმიანობა, უშურველი კონსულტაციები – ორმოცდაათამდე ჯგუფსა და ანსამბლთან უმუშავია, ნახევარი მსოფლიო მოუვლია, ჯილდოც ბევრი დაუმსახურებია, მაგრამ ყველაზე მთავარი – უმადური არავინ ჰყოლია, ჭეშმარიტად სახალხო მომღერალი და ლოტბარია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ბანი სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული, თანამედროვეთა, შეგირდთა და მეგობართა მიერ ქართული სიმღერის მამად და პატრიარქად აღიარებული… სიმღერების “გამშვენება” მამასავით ემარჯვება – ერთსა და იმავე სიმღერას ერთნაირად ვერასდროს ამბობს, ყოველ ჯერზე რაღაცას ცვლის – ჭეშმარიტი შემოქმედი და უბადლო იმპროვიზატორია! პირველი ჩანაწერი თორმეტი წლისამ ჩოხატაურის ანსამბლთან გააკეთა. მამასთან და გარსევან სიხარულიძესთან ერთად ჩაწერილი “ღიღინები” კი სრულიად უნიკალურია მთელს ქართულ ფოლკლორში“, _ აღნიშნულია წერილში.