საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს საღამოს საზეიმო ღონისძიება გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე 900-მდე სტუმარია მიწვეული.
"დღეს 20 წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც საქართველომ მიიღო დღევანდელი კონსტიტუცია. კონსტიტუცია, როგორც მოგეხსენებათ, არის ქვეყნის ძირითადი კანონი და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ყველა ჩვენგანის თანაცხოვრებისთვის ბაზისური, სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოს შემქმნელი.სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ დღევანდელი დღე აღინიშნოს საზეიმო ღონისძიებით, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება პრეზიდენტის რეზიდენციაში",_ განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით პატარაიამ.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებაზე მიწვეული არიან როგორც მოქმედი პარლამენტის, ისე კონსტიტუციის მიმღები საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, მთავრობის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, ასევე სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.