DFI-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემქნის დღიდან, ანუ 2013 წლიდან 2015 წლის ივლისამდე სულ ჩატარდა კომისიის სამი სხდომა. რაც შეხება სამუშაო ჯგუფების სხდომების რაოდენობას, ისინი 4-დან 11-მდე მერყეობს.
კომისიის დებულების თანახმად, კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარე იწვევს საჭიროებისამებრ, მაგრამ 2 თვეში ერთხელ მაინც. სამუშაო ჯგუფის სხდომას სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იწვევს საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ორჯერ მაინც, ხოლო სარედაქციო ჯგუფის სხდომები კი მოიწვევა საჭიროებისამებრ.
კომისიისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი მანდატისა და საზოგადოებაში არსებული მაღალი მოლოდინის გათვალისწინებით განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც კომისია საკუთარ საქმიანობაში არ არის საკმარისად აქტიური. კომისიის წევრთა პასიურობის პრობლემაზე საკუთარ გამოსვლაში მიუთითა კომისიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები მეტი პასუხიმგებლობით უნდა მოეკიდნონ იმ ძალზედ მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მომზადება ქვია და გამოიჩინონ მეტი ანგარიშვალდებულება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.