ევროკომისიამ გადაწყვიტა, ევროპულ კომპანიებს ხელმძღვანელობაში ქალების რაოდენობის გაზრდისკენ მოუწოდოს. ევროკომისიის მიზანია, 2020 წლისთვის ქალების რაოდენობა კომპანიების ხელმძღვანელობაში 40 პროცენტს აღემატებოდეს.
ევროკომისიამ ბოლო პერიოდში არაერთხელ გაახსენა ევროპულ კომპანიებს მამაკაცებსა და ქალებს შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობა.
ევროკომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე ქალები ევროპის წამყვანი კომპანიების მხოლოდ 3 პროცენტს ხელმძღვანელობენ. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ 2017 წლისთვის ქალების წილი 30 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს, 2020 წლისთვის კი – 40 პროცენტამდე.
ევროკომისრის თქმით, ნორვეგიაში, რომელმაც სპეციალური კვოტა დააწესა უმაღლეს თანამდებობებზე, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქალების რაოდენობა ხელმძღვანელობაში 25-დან 45 პროცენტამდე გაიზარდა.