"კვირის 2030" დაიხურა. ამის შესახებ გადაცემის წამყვანი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
_ გადაცემის წამყვანობასა და მთავარ პროდიუსერობაზე როგორც კი დავთანხმდი, თავიდანვე ვაცხადებდი, რომ სავარაუდოდ ჩვენი თანამშრომლობა დროებითი იყო და შესაბამისად ასეც მოხდა, პროექტმა საინტერესო მისია იტვირთა, საზოგადოებას ახალი სახეები წარუდგინა, საზოგადოების წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად დასვა და კვალიფიციური ანალიზი და მსჯელობა გაუზიარა ჩვენს მოსახლეობას.
ვინც გადაცემებს უყურებდა, კარგად შეამჩნევდა რომ მე ვცდილობდი როგორც ჩვენი ქვეყნის მიღწევები წარმომედგინა, ასევე არ ვერიდებოდი კრიტიკულ მოსაზრებებსაც, განსაკუთრებით ბოლო 5-6 გადაცემა. ეს იყო საინტერესო პროექტი და მზარდი რეიტინგის მქონე.
საინტერესო პროექტების მოყვარულებს გაცნონებთ, რომ ახალ სეზონზე ჯიდიესი არაერთ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ. მრავალი ადამიანი მუშაობს არაერთ პროექტზე.
პროექტის ხელმძღვანელმა პრაქტიკულად მხოლოდ ჩემთან გადაწყვიტა თანამშრომლობის შეწყვეტა, მაგრამ არაერთი თანამშრომელი მიიღო და ისინი ერთხმად და შეხმატკბილებულად მუშაობენ ახალი სატელევიზიო სეზონისათვის.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კი ცხადჰყოფს, რომ მედია და საინფორმაციო სივრცე ფრიად განახლდება.
ვარ საოცრად კმაყოფილი მიღებული გამოცდილებისა და მთელი რიგი პროცესების პირადად გაცნობისა და უკეთ ინფორმირების გამო.
დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილსა და ვასო მაღლაფერიძეს, როგორც თანამშრომლობის შეთავაზებისათვის, ისე თანამშრომლობის შეწყვეტისათვისაც, _ წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.
რატომ დაიხურა ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემა და რატომ თქვეს უარი გამზარდიასთან თანამშრომლობაზე _ ამ კითხვებზე პასუხს "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.