შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორთა სამმართველოს ახალდანიშნული უფროსი გიორგი კვირჩილაძე, თანამშრომლებს უხეშად ექცევა, ის გამოირჩევა პოლიციელისთვის შეუფერებელი ქცევით. ამის შესახებ "გურია ნიუსს" პოლიციის არაერთმა თანამშრომელმა, ასევე რამდენიმე მოქალაქემ, რომელიც თავად შეესწრო აღნიშნულ ფაქტს, განუცხადა.
"ის გამოირჩევა მეტისმეტად უხეში ქცევით, თანამშრომლების მიმართ ზედმეტი აგრესიულობით. ამბობს, რომ ის გიორგი კვირჩილაძეა და უნდა დაემორჩილონ მის ბრძანებებს, აცხადებს, რომ ის უწევს კონტროლს ყველა საქმეს და აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მასთან უნდა მივიდეს. ამას მოითხოვს გურიის სამივე რაიონული სამმართველოს უფროსების, მოადგილეებისა და თანამშრომლებისაგან.
გიორგი კვირჩილაძე წარმოშობით ოზურგეთელია, მუშაობდა აჭარაში სხვადასახვა პოზიციებზე. მას გურიის პოლიციაში გამოცდილების სტაჟი არ გააჩნია.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, კვირჩილაძეს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსობა უკვე სურს.
ვინ ლობირებს კვირჩილაძეს?
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, მისი დანიშვნა შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს კობა ცერცვაძეს ურეკიდან "დაავალეს", თუმცა ის უნდა დანიშნილიყო სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსისი ლაშა ბაკურაძის ადგილზე, რაც არ მოხდა. ბაკურაძის ადგილი კობა ცერცვაძის კადრმა არჩილ ოქროუაშვიმა დაიკავა, კვირჩილაძე კი უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით გიორგი კვირჩილაძემ ოზურგეთის რაიონული სამმართველო ფაქტიურად დაშალა. მისი ინიციატივით გადაიყვანა ოზურგეთის რაიონული სამმართველოდან გურიის სამხარეო სამმართველოში პოლიციელები გურამ სალუქვაძე, ლაშა შარაშიძე და ასევე 4 სხვა პირი. ამასთან, კახა კილაძე, რომელიც ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში ჯერ უფროსის მოადგილე, შემდეგ კი განყოფილების უფროსი იყო სამხარეოში დეტექტივად გადაიყვანა და ის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსმა ირაკლი შავიშვილმა ჩაანაცვლა.
შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსი გიორგი კვირჩილაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აგრესიულობით გამოირჩევა თანამშრომლების მიმართ, არ ადასტურებს.
"რა უნდა გიპასუხოთ, რა ვიცი აბა რა გითხრათ. ისე თქვენ გაგიგიათ ჩემი აგრესიულობა? არა არა, არ არის ეს სიმართლე"_ ამბობს კვირჩილაძე.
რაც შეეხება იმას, გაუწიეს თუ არა ლობირება მის კანდიდატურას ურეკიდან, კვირჩილაძე გვპასუხობს, რომ დანიშნვა ხდება სამინისტროში და არა ურეკში.
ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსი გიორგი კვირჩილაძე პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელით გამოირჩევა, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ცერცვაძე "გურია ნიუსთან" არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ გამორიცხულია მისი რომელიმე თანამშრომელი იქცეოდეს არაადეკვატურად.
"გამორიცხულია, რომ ჩემ დაქვემდებარებაში მყოფი რომელიმე თანამშრომელი იყოს უხეში, ან იქცეოდეს ისე, რომ არ შეეფერებოდეს პოლიციელს. არ არის სიმართლე ეს ინფორმაცია. თუ ასე იქნება, პირობას გაძლევთ, რომ ასეთი თანამშრომელი ჩემთან ვერ იმუშავებს"_ ამბობს ცერცვაძე.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ცერცვაძის განცხადებით, ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს.