მას შემდეგ, რაც გურიის მხარის გუბერნატორის მოადგილის, სოსო ერქომაიშვილის კაბინეტში გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები იმყოფებოდნენ, რომელსაც სუს-ის თანამშრომელი ირაკლი ანდღულაძეც ესწრებოდა, გადაწყდა, რომ რეგიონის ფედერაციის გამგეობის წევრებმა წერილით მიმართონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.
გამგეობის ერთ-ერთი წევრის, ჩოხატაურელი ბენია თავბერიძის თქმით, ამ წერილით ისინი ითხოვენ ფედერაციის არჩევნებში მიეცეთ უფლება წარადგინონ ახალი კანდიდატურა ხმის მიცემის უფლებით.
"დღეს შევიკრიბეთ გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის რამდენიმე წევრი – მე, იური ჩხაიძე, მერაბ ვანიძე, ჯამბულ კუტალაძე და გადავწყვიტეთ, რომ წამოვაყენოთ ჩვენი კანდიდატურა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ექნება ხმის მიცემის უფლება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვცნობთ კახა ებრალიძის ერთპიროვნულად წამოყენებულ კანდიდატურას და ყველაფერ ამას, წერილობით წარვუდგენთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას", – განაცხადა თავბერიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ თავად კახა ებრალიძეს, რომელიც ეჭვის თვალით უყურებს გამგეობის წევრთა ამ ახალ ინიციატივას.
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ეს არამყარი ადამიანების მიერ გამოხატული პოზიციაა, რომლებმაც არ იციან რა უნდა ქნან, საკუთარი აზრი არ მოეკითხებათ და ვიღაცეები აძლევენ მიმართულებას. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ამ ადამიანებზე, რომელსაც რა შედეგი მოჰყვება, ვერ გეტყვით"- აღნიშნა ებრალიძემ.