დღეს ოზურგეთში გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრების შეხვედრაზე და იქ გამოთქმულ მოთხოვნებზე "გურია ნიუსს" ექსკლუზიური კომენტარი გაუკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა რევაზ არველაძემ, რომელმაც გაგვიცხადა, რომ ასეთი საკითხები გუბერნიაში არ უნდა წყდებოდეს.
"მოდით დავიწყოთ იმით, რომ გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რა არჩევანიც გააკეთა , ეს იყო სრულიად ლეგიტიმური და მას ამის სრული უფლება ქონდა. რატომ გააკეთა ეს არჩევანი და რატომ ჩათვალა მან განვლილი პერიოდის შეფასების შემდგომ ასე, ამაზე თავად კახამ უკვე ბევრი ისაუბრა და ამით ეს თემა დავხუროთ.
რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის საფეხბურთო კლუბი "გურია" და მთლიანად გურიის რეგიონი, ამას რომ ჩამოვალ, ადგილზე გეტყვით. რაც შეეხება გუბერნიას, ბუნებრივია მიმაჩნია, რომ ასეთი საკითხები იქ არ უნდა წყდებოდეს. არ შეიძლება სხვამ დააყენოს კიდევ ახალი კანდიდატურა. ყველამ ჩვენ – ჩვენი მომხრეები რომ მოვძებნოთ, ამით რა გამოვა? ყველა გადაწყვეტილებას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგები, სხვასაც შეუძლია მომხრეები შეკრიბოს და ატეხოს ერთი ამბავი. მე პირადად მოწადინებული ვარ, რაც შეიძლება ადვილად გადაწყვეტის საშუალება მიეცეს ყველა ხმის მიმცემს"- აცხადებს არველაძე.
ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე კითხვით მიმართა გურულებს – "მაინტერესებს კარგის გარდა რა გავაკეთე გურიაში? მინდა ეს კითხვა დავსვა. საერთოდ რასაც ვაკეთებ, ამას უპირველესად ქვეყნის სიყვარულით ვაკეთებ და რა გზაც გავიარე აქამდე, ყველაფერი ამ სულისკვეთებით მოვახერხე. თანაც ეს მხოლოდ ჩემით შევძელი და არავინ არ მიკვალავდა გზას. ჰოდა, მინდა, რომ ჩემი ცოდნით და გამოცდილებით კიდევ ბევრი ვაკეთო ის საქმე, რაც ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა"- დასძინა რევაზ არველაძემ.