პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ტელეკომპანია "იმედში" პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვას ნიუ-იორკიდან გამოეხმაურა:
_ "მინდა ვისურვო, რომ ყველა ტელეკომპანიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა, არ ჰკითხოს არავის, როცა რაიმე თოქ-შოუს ხსნის, არ ჰკითხოს არავის, როცა რაიმე თოქ-შოუს ხურავს, არ მიიღოს არანაირი რჩევები და რეკომენდაციები, რომელი ჟურნალისტი აიყვანოს სამსახურში, ან რომელ ჟურნალისტთან გაწყვიტოს კონტრაქტი.
როდესაც საქმე პოლიტიკურ თოქ-შოუებს ეხება, მათი გახსნაც, მათი მოდიფიცირებაც, მათი დახურვაც მყისიერად გარკვეულ პოლიტიკურ ელფერს იძენს.
ვისურვებ, რომ ყველა ამ საკითხში ყველამ სათანადო სიცხადე შეიტანოს. ვისაუბროთ ფაქტებით, არგუმენტებით და გავაგრძელოთ ცხოვრება.
წინასაარჩევნო წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ტელეარხმა არა თუ შეამციროს პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდოს, მაგრამ ვისი მეშვეობით გაკეთდება, რა ფორმატით, რა სტილის გადაცემებით, ამის თაობაზე თავად ტელეკომპანიები უნდა ჩამოყალიბდნენ", _ განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.