სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ ნასარიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სრულად გაიზიარა ქალაქ თბილისის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 35 წლის ალექსანდრე გიორგაძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ნოდარ ნასარიძე სცნო.
სასამართლომ მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკანონოდ შეძენილი "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, შპს "თბილქალაქპროექტის" ადმინისტრაციულ შენობაში, ნოდარ ნასარიძემ ალექსანდრე გიორგაძეს ჭრილობა მიაყენა გულმკერდის არეში, რომლის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა.
გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, იმავე დღეს დააკავეს ნოდარ ნასარიძე, ამოიღეს ზემოთხსენებული უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი. მოგვიანებით მას წარედგინა ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 108-ე მუხლით.