დღეს, ლანჩხუთში, კაფე-ბარ "სამეფოში", საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის #33296 ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ, რომლებმაც კაფე-ბარის შემოსავლების საგადასახადო კონტროლის მიზნით ქრონომეტრაჟის განხორციელება დაიწყეს.
არაფერია ამ ინფორმაციაში უჩვეულო, რომ არა ერთი ფაქტი – ფართი, რომელშიც კაფე-ბარი "სამეფოა" განთავსებული, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კახა ებრალიძეს ეკუთვნის, ხოლო უშუალოდ სამეწარმეო საქმიანობას მისი მამა გიორგი ებრალიძე აწარმოებს.
მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ აქტუალურია კახა ებრალიძის პოზიცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილში ბუნებრივ ეჭვს იწვევს ეს შემოწმება.
ის, რომ ეს ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის მომავალ არჩევნებს უკავშირდება, ამაში დარწმუნებულია გიორგი ებრალიძეც.
"შემთხვევით არაფერი ხდება, ეს ყველაფერი ჩემი შვილის პოზიციის დაფიქსირებას მოჰყვა. ეჭვი არ მეპარება, რომ ამით ცდილობენ მის დაშინებას. ერთ-ერთი ბოლო საგადასახადო შემოწმებაც მაშინ განხორციელდა, როცა პირადად კახას არჩევნები იყო. ახლა კი ქრონომეტრაჟის განხორციელებაც დაემთხვა. თანაც ასეთი ქრონომეტრაჟის განხორციელების ფაქტი ლანჩხუთში ჯერ არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენია ამის შესახებ", _ განაცხადა კახა ებრალიძის მამამ.
თავად კახა ებრალიძეც დარწმუნებულია, რომ ეს მის დასასჯელად კეთდება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი რევაზ არველაძის კანდიდატურის გამო ხდება, რომ მე არ შევცვალე ჩემი გადაწყვეტილება. ანალოგიური 2014 წელსაც მოხდა, როცა ექვს თვეში ამ კაფე-ბარში ორჯერ განხორციელდა შემოწმება. მაშინ ჩემი არჩევნები იყო და ამით ცდილობდნენ ზეწოლას, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს, იმის გარდა, რომ 13 ადამიანი გაუშვეს კლუბიდან", _ გაგვიცხადა ებრალიძემ.
თავად მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ლევან ბაბუციძე და ლევან სესიაშვილი კომენტარს არ აკეთებენ.