მრავალძარღვას მრავალი სიკეთე ოდითგან ცნობილი ხალხურ მედიცინაში. საოჯახო პირობებში სავსებით შესაძლებელია მისი მომზადება სამკურნალოდ.
მე ასე ვამზადებ: მხოლოდ აყვავებულ მრავალძარღვას (ახლა ეს დროა) მოვთხრით ფესვებიანად (შეგიძლიათ, მხოლოდ ფოთლები დაკრიფოთ), გავრეცხავთ კარგად, გავაშრობთ და გავახმობთ ჩრდილში. მზეზე არ გაფინოთ _ სამკურნალო თვისებებს დაკარგავს. მრავალძარღვა ჩრდილში ადვილად ხმება.
ბებიისგან გამიგონია, რომ მრავალძარღვას ფესვის მტკივან ყურში ფრთხილად მოთავსება, ერთი საათის შემდეგ, ტკივილს აწყნარებს. მე ეს არ გამომიცდია, თუმცა, არ მგონია, თუ ტკივილს არ უშველის, საზიანო იყოს.
მრავალძარღვა უებარი საშუალებაა კუჭის აშლილობის დროს. ამ მხრივ ის სჯობს ყველანაირ ხალხურ საშუალებას. ერთი სუფრის კოვზ გამხმარ და დაქუცმაცებულ მრავალძარღვას დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი და დავდგათ. ცოტა ხანში გავწუროთ და კუჭის აშლილობის დროს, ჭამამდე დავლიოთ. ძალიან კარგია ბავშვებისთვის.
იგივე ნაყენის კომპრესი კარგი წამალია მწერების ნაკბენის დროს _ კომპრესი დღეში ორჯერ მაინც შევცვალოთ. მრავალძარღვას ფხვიერი მასა შეიძლება პირდაპირ დავაყაროთ ჭრილობას და გადავახვიოთ, რაც შეხორცების პროცესს აქტიურად უწყობს ხელს.
ესაა, რაც ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, თუმცა, მრავალძარღვას კიდევ მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. აუცილებლად დაკრიფეთ ყვავილობაში მყოფი მრავალძარღვა და ზემოთ მითითებული წესით შეინახეთ.