საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) უკანონოდ ცნო გურიის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის (გრფფ)აღმასკომის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ფედერაციის მომავალ ყრილობაზე დელეგატად იური ჩხაიძე უნდა ყოფილიყო.
ჩხაიძე დელეგატად გრფფ-ს გამგეობის წევრებმა ოზურგეთში, გუბერნიაში გამართული „სახელდახელო თათბირიდან“ რამდენიმე დღეში აირჩიეს და მას კახა ებრალიძე არ ესწრებოდა.
როგორც გამგეობის წევრები განმარტავდნენ, ებრალიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილება დელეგატად ტყებუჩავას წარდგენის შესახებ უკანონო იყო. მიღებულ დოკუმენტში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ დელეგატი ჩხაიძე იქნებოდა. რაც შეეხება არველაძის კანდიდატურას, რომელიც ასევე ერთპიროვნულად წარადგინა კახა ებრალიძემ, რასაც ლანჩხუთელების პროტესტი მოჰყვა, არავის შეუცვლია _ საუბარი მხოლოდ დელეგატის შეცვლაზე იყო.
საბოლოოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სფფ-მ გადაწყვეტილება ებრალიძის სასარგებლოდ მიიღო და დელეგატად გოჩა ტყებუჩავა რჩება. კადრი, რომლის გამოც ებრალიძის და გრფფ-ს გამგეობის წევრების დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. უფრო მეტიც, გამგეობის წევრებმა დახმარებისთვის გუბერნატორსაც მიმართეს, საქმეში სუს-იც კი ჩაერთო, თუმცა, ამ ყველაფერს ებრალიძის კანდიდატურაზე გავლენა არ მოუხდენია.
გამგეობის წევრების მტკიცებით, ებრალიძეს დელეგატის ერთპიროვნულად წარდგენის უფლება არ ჰქონდა, ებრალიძე კი ამბობს, რომ უფლებას წესდება აძლევს, რომელსაც, როგორც ირკვევა, გამგეობის წევრები არ იცნობენ.
წესდებაში კი, რომელიც „გურია ნიუსმა“ მოიპოვა, წერია, რომ ფედერაციის წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, არჩეული იქნას ფედერაციის გამგეობაში და სხვა ქვესტრუქტურებში; მოითხოვოს სამართლებრივი ინტერესების და უფლებების დაცვა.
ებრალიძის თქმით, წესდების თანახმად, გამგეობის წევრებს გუბერნიისთვის მიმართვის უფლება არ ჰქონდათ. წესდებაში კი მხოლოდ ისაა დაკონკრეტებული, რომ მათ არ შეუძლიათ საფეხბურთო ამბების გადასაწყვეტად სასამართლოს მიმართონ:
„ფედერაციის წევრ კლუბებსა და კლუბის წევრებს არ აქვთ უფლება ფედერაციასთან, სხვა კლუბებთან ან წევრებთან სპორტულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად მიმართონ სამოქალაქო სასამართლოს. აღნიშნული საკითხები განიხილება ფედერაციის შექმნილი კომისიების მიერ,“ _ წერია წესდებაში.
_ როცა წერია, რომ არ აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ არც გუბერნიას უნდა მიმართონ. ფეხბურთს მისი კანონები აქვს, _ განმარტავს ებრალიძე.
მისივე თქმით, მას ჰქონდა უფლება ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება და წარედგინა დელეგატი, თუმცა, წესდებაში, რომლის მუხლები ერთმანეთის საწინააღმდეგოა, ეს დაკონკრეტებული არ არის.
წესდების თანახმად, პრეზიდენტი ხელმძღვანელობს ფედერაციის გამგეობას, აქვს უფლება საერთო კრებებს შორის პერიოდში შეიტანოს ცვლილებები გამგეობის შემადგენლობაში, იწვევს და უძღვება გამგეობის სხდომას, ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას, ხელს აწერს ფედერაციის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს, გარიგებებს, ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, გამგეობასთან შეთანხმებით განკარგავს ქონებას და სახსრებს, ასრულებს გამგეობის და საერთო კრებების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
როგორც ებრალიძე ამბობს, წესდებაში არსად არ წერია, რომ მას ტყებუჩავას წარდგენის ერთპიროვნული უფლება არ ჰქონდა:
_ ამას გარდა, წესდებაში გაწერილია, თუ რა სახის გადაწყვეტილებებს იღებენ გამგეობის წევრები. ჩამონათვალში არსადაა მითითებული სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატისა და დელეგატის წარდგენის უფლება და შესაბამისად, მათი წარდგენის სრული თავისუფლება მაქვს და არანაირი შეზღუდვა, _ ამბობს ებრალიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ წესდების თანახმად, გამგეობის წევრებს შორის წესდების განმარტებასთან და შესრულებასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო თუ ურთიერთშეთანხმება არ იქნა მიღწეული, მაშინ დავას სასამართლო წყვეტს.
როგორც გავარკვიეთ, ჯერჯერობით, სასამართლოსთვის არავის მიუმართავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ წესდების თანახმად, ფედერაციის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, რომელიც ამტკიცებს, ცვლის და შეაქვს ცვლილებები წესდებაში, ირჩევს გამგეობას, ცვლის მის შემადგენლობას, ირჩევს ფედერაციის პრეზიდენტს, მის მოადგილეს, საკონტროლო სარევიზიო კომისიას, იღებს გადაწყვეტილებას ფედერაციის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, ამტკიცებს ფედერაციის გეგმებს და ბიუჯეტს.
წესდებაში კონკრეტულად არ წერია, ირჩევენ თუ არა დელეგატს. მიუხედავად ამისა, 2004 წელს, გურიის ფეხბურთის ფედერაციამ დელეგატები კრების შედეგად აირჩია და ეს ოქმშიცაა დაფიქსირებული.
ერთი სიტყვით, თავად წესდებაა ბუნდოვანი, რაც ებრალიძეს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას აძლევს და მოქმედებს კიდეც, ხოლო მისი მხრიდან ყოველგვარ ზეწოლას გამორიცხავს.
თუმცა, გურიის საფეხბურთო სამყაროში სკანდალები ამით არ ამოწურულა _ ერთ-ერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, გურიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრს გრიშა თოდრიას, რომელიც სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებში მხარს მერაბ ჟორდანიას უჭერს, ლანჩხუთის სტადიონის დირექტორი შოთა პატარაია შუბლის გახვრეტით დაემუქრა.
ინკოგნიტო წყაროს თქმით, პატარაია “კანონიერი ქურდის“ _ ამირან ებრალიძის მძახალია და მხარს რევაზ არველაძეს უჭერს.
ამავე წყაროს მტკიცებით, არველაძე უკვე ბინძური მეთოდებით იბრძვის და ებრალიძის საშუალებით საქმეში ქურდები ჩარია.
მედიასაშუალებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გურიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბენო თავბერიძე, ასევე, აღმასკომის წევრები – გრიშა თოდრია, ამირან ვანიძე და იური ჩხაიძე ავტომანქანით ჩოხატაურიდან მიემგზავრებოდნენ ლანჩხუთში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ფედერაციის აღმასკომის კრებაში, რომელზეც უნდა არჩეულიყო დელეგატი, რომელიც მიიღებდა ხმის უფლებას, ამ დელეგატს კი 3 ოქტომბრისთვის გამოაგზავნიდნენ თბილისში.
“მგზავრობისას გრიშა თოდრიას თავის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა შოთა პატარაია, რომელიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი ლანჩხუთი ჩავიდოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა ლანჩხუთის სტადიონის დირექტორი, პატარაია“, _ აცხადებს გამოცემის წყარო.
აღნიშნული ზარის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ბენო თავბერიძე:
_ ნამდვილად მივდიოდით ერთად. მანქანაში ვიღაცამ დაურეკა რამდენჯერმე და ზარის შემდეგ თქვა, რომ ლანჩხუთში არ წამოვიდოდა. სულ ესაა, რაც ამ საქმეზე ვიცი. მას შემდეგ გრიშა არც მეკონტაქტება, _ გვითხრა თავბერიძემ.
თოდრიასთან გახორციელებული ზარის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს შოთა პატარაია:
_ მართალია. გრიშა თოდრია ჩემი მეგობარია და რასაც მინდა, იმას ვეტყვი.
_ თქვენ დაურეკეთ თოდრიას და უთხარით, რომ ლანჩხუთში არ ჩამოსულიყო?
_ ჩემი საქმეა, რას ვეტყვი ცემს მეგობარს.
_ საუბრის დროს თქვენი მძახლის, ამირან ებრალიძის სახელი გამოიყენეთ?
_ არა.
_ თოდრიას დაემუქრეთ?
_ დავემუქრე კი არა, თავს გავუჭყაპავ. იმიტომ, რომ უვარგისი პიროვნებაა. არაადამიანი.
_ თუ თქვენი მეგობარია, ასე რატომ ლაპარაკობთ მასზე?
_ რასაც მინდა, იმას ვეტყვი! რა თქვენი საქმეა?! ღირსი იყო და ვაგინე. კიდევ შევაგინებ, უარესს ვუზამ.
_ რას გულისხმობთ?
_ ყველაფერს. რომ შემხვდება ქუჩაში, მაგასთან გავარკვევ საქმეს. კი, ზუსტადაც დავემუქრე, მეგობრობის ამბავში და არა _ ფეხბურთის.
_ ბატონო შოთა, ცნობილია, რომ თოდრია მერაბ ჟორდანიას უჭერდა მხარს. თქვენ ვის გულშემატკივრობთ?
_ არავის, სულ ცალ ფეხზე მკიდია ყველა, ვინ მონაწილეობას იღებს არჩევნებში, _ გვითხრა პატარაიამ და აღნიშნა, რომ თოდრიას „შუბლის გახვრეტით, როგორც ამას სხვადასხვა მედიასაშუალებები წერენ, არ დამუქრებია“.
რაც შეეხება ამირან ებრალიძეს, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, ებრალიძეს ამ საქმესთან კავშირი არ აქვს და გავრცელებული ინფორმაცია არასწორია:
_ ამირანი ისეთ სიტუაციაშია, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ მასთან კონტაქტს _ თავად გვიკავშირდება. ეს ამბავიც ჩვენგან გაიგო და თქვა, რომ სისულელეა. ნამდვილად არ სცალია მაგისთვის. ვერ გავიგეთ, რას გვერჩიან ჟურნალისტები _ ჯერ მოკლესო და გული გაგვიხეთქეს, ახლა ეს. დაგვანებონ თავი და გვაცადონ მშვიდად ცხოვრება, _ აღნიშნეს ებრალიძის ოჯახის წევრებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჭორია:
_ უსაფუძვლოა ჭორი, რომ თითქოს გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრ გრიშა თოდრიაზე გახორციელდა მუქარა და თითქოს ამას კავშირი აქვს ჩემთან და სფფ-ის არჩევნებთან. ვფიქრობ, ჟურნალისტები სპეციალურად შეიყვანეს შეცდომაში და ამ ჭორით იმის გადაფარვა მოისურვეს, ჩემს ოჯახის ბიზნესობიექტზე შემოსავლების სამსახური რომ შევიდა (ბოლო ორ წელიწადში მაკონტროლებელი ორგანო მესამედ!), რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.
მთელი პასუხისმგებლობით და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვარ და "კანონიერ ქურდებთან" შეხება არასდროს მქონია! მით უმეტეს, აბსურდია საერთოდ რაიმე ზეწოლის სურვილი გამჩენოდა გამგეობის წევრებზე _ ჩემი პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე.
თავად გამგეობის წევრები, რომლებიც ამ შემთხვევაში ჩემი ოპონენტები არიან, დამეთანხმებიან, რომ ჩემი მხრიდან მუქარა გამორიცხულია! _ ამბობს ებრალიძე.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 151-ე _ მუქარის მუხლით არის აღძრული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებენ, ვინ შეიტანა უწყებაში საჩივარი, თუმცა, როგორც გრიშა თოდრია ამბობს, მას საჩივარი არ შეუტანია:
_ არ ვიცი, ვის აძლევს ხელს ეს გარეწრობა, არც ის ვიცი, საჩივარი ვინ შეიტანა. არც არავინ დამმუქრებია, არც დაურეკავს. ჩვენ ერთმანეთში თუ რამეს ვიტყვით, ეს არაა მუქარა. შოთა პატარაია ჩემი უახლოესი მეგობარი, უსაყვარლესი პიროვნებაა, კაცი, რომელმაც შემაყვარა მთელი ლანჩხუთში, ფეხბურთის სამყარო _ მასეთი მეორე არ მყავს. მაინცდამაინც თავი მოვიკლა?! გავგიჟდი კაცი! არ ვიცი, ვის ინტერესშია ეს ამბავი, მაგრამ ასე როგორ შეიძლება ადამიანს ადამიანი გაამეტებინო?! არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე საერთოდ? არც ბურთი და არც არაფერი არ მინდა! შოთას სახლში ჩემი ლოგინი დგას, მეორე ოჯახია და რის მუქარა, რა მუქარა?! _ გვითხრა თოდრიამ.