ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის მოსაცდელის პირდაპირ, საყანე ფართობებს შორის, მდინარე სუფსის ნაპირზე ნაგავსაყრელი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს.
იქ დაყრილ ნაგავს სახელდახელოდ შემოღობილი ფართი ვერ იტევს და ამიტომ, მიმდებარე ტეროტორია ნაგვითაა სავსე _ მათ შორის, მდინარის სანაპირო.
ნაგავი პირდაპირ მიწაზე ყრია და ბოლო სამი დღეა ცეცხლი უკიდია, რაც მიმდებარე ტეროტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს:
_ გთხოვთ, დაგვეხმარეთ, ვინმეს მიაწვდინეთ ხმა. ნახეთ რა ხდება, ერთია რომ ნაგავი ყველგან ყრია და მეორე _ ნამწვავი ჰაერში მიდის, საშინელი სუნი აქვს და არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.
მყარი ნარჩენების კომპანიის თანამშრომელი თემურ ლომთათიძე, რომლის სამუშაო ოთახი ნაგავსაყრელის შესასვლელში სახელდახელოდაა მოწყობილი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია:
_ ხან არის შემთხვევა, როცა ბუნკერშია ცეცხლი გაჩენილი და ბუნკერს მოყვება. შეიძლება ვიღაცამ სიგარეტი გადააგდო ან რამე. სამუშაო საათების შემდეგ შეიძლება ვინმე შევიდა, რადგან ჭიშკარი კარგად არ იკეტება, _ გვითხრა ლომთათიძემ.
მისივე თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად ერთადერთი გამოსავალი სახანძრო სამსახურის გამოძახებაა:
_ თუ ასეა, რატომ არ უკავშირდებით? მესამე დღეა იწვის…
_ ჰო, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მისით ქრება. პატარაზე იყო და დღეს გაძლიერდა.
თემურ ლომთათიძე ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ არავისთვის უცნობებია. მისივე ინფორმაციით, ნაგავსაყრელზე სარემონტო სამუშაოები მალე დაიწყება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ტერიტორიას მოაწესრიგებს:
_ წელიწადში ორ-სამჯერ ვწმენდთ ტრაქტორით. ახლა ზაფხულია _ ბახმაროს, ჩოხატაურის ნაგავიც მანდ ყრია და ამიტომაა ასეთი სიტუაცია, _ განმარტა ლომთათიძემ.
ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურში. ინფორმაცია არც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავას აქვს.
მყარი ნარჩენების კომპანიის გურიის წარმომადგენლობაში კი განმარტავენ, რომ ჩოხატაურის ნაგავსაყრელზე პასუხისმგებელი ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. აღნიშნული ინფორმაცია „გურია ნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც დაუდასტურეს.
_ აბსოლუტური პასუხისმგებლობა აკისრია კომპანიას, _ გვითხრა ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ.
ჩოხატაურის ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები კომპანია “შარაგზამშენი-პირველის“ ვალდებულებაა. კომპანიამ ტენდერი 350 000 ლარად მოიგო.
კომპანიის წარმომადგენელი დავით ღუღუნიშვილი ამბობს, რომ ნაგავსაყრელზე გაღვივებული ნაგავი დაყარეს:
_ მოვიდა მანქანა, მოიტანა გაღვივებული ნაგავი და მან დაყარა, რადგან სხვაგან არ იყო ამის საშუალება. მე მეხანძრე არ ვარ რომ ჩავაქრო.
_ თუკი თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რატომ არ იძახებთ სახანძრო სამსახურს?
_ მე არ ვარ ნაგავზე პასუხისმგებელი, პასუხისმგებელი მყარი ნარჩენების კომპანიაა. მე ვარ ადამიანი, რომელიც ნაგავსაყრელზე ატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მხოლოდ, _ დააზუსტა ღუღუნიშვილმა.
„გურია ნიუსმა“ აღნიშნულის საქმის კურსში გარემოს დაცვის სამინისტროც ჩააყენა. როგორც უწყებაში გვითხრეს, ადგილზე უკვე გავიდა ზედამხედველობის დეპარტამენტი.