2015 წლის 15 სექტემბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში 6-თვიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა, რომლის მიზანსაც პენიტენციური სისტემის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება წარმოადგენდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ პროგრამის მონაწილეებს გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. გარდა სერტიფიკატებისა, ოთხ თანამშრომელს, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მიიღეს, მადლობა გამოეცხადა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის თქმით, ეს სასწავლო კურსი მნიშვნელოვანია თანამშრომელთა განვითარებისა და სისტემის დასავლურ სტანდარტებთან გათანაბრებისთვის. "აღნიშნული სასწავლო კურსი ტარდება იმისთვის, რომ ავამაღლოთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაცია, რისთვისაც მადლობას ვუხდით ევროკავშირს და ევროსაბჭოს. სწორედ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული იმ სტანდარტების დაცვა, რომლისკენაც ჩვენ მივილტვით. უახლოეს მომავალში ამოქმედდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურში მიღების ახალი წესი და ასეთი სასწავლო კურსის გავლის გარეშე, ვერცერთი ადამიანი ვერ დაიწყებს მუშაობას სისტემაში"– განაცხადა კახა კახიშვილმა
"ევროპული ციხის წესების" თანაავტორის მიერ შემუშავებული თანამშრომელთა გადამზადების უპრეცედენტო პროგრამა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში" მხარდაჭერით უკვე მეორედ ჩატარდა.
სამართლებრივი რეჟიმის 25 თანამშრომელი 6 თვის განმავლობაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და პენიტენციურ დაწესებულებებში თეორიულ მომზადებასა და პრაქტიკულ სწავლებას გადიოდა. სასწავლო პროგრამის უნიკალურობა მასში მენტორების ჩართვამაც განაპირობა: დაწესებულების რეჟიმის გამოცდილი თანამშრომლები – მენტორები, ახალბედა კოლეგებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას რამდენიმე კვირის განმავლობაში უზიარებდნენ.
პენიტენციურ სისტემაში აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2014 წელს დაიწყო და საერთო ჯამში, სამართლებრივი რეჟიმის 49 თანამშრომელი გადამზადდა.
(R)