სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან გიგი უგულავას თანაგუნდელები იკრიბებიან. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ე.წ. მატროსოვი ციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მივიდნენ, მათ შორის ნიკა მელია და გიგა ბოკერიაც არიან.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
უგულავას თანაგუნდელები და მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან, რომ დღეს უგულავას გაათავისუფლებენ. ისინი აცხადებენ, რომ "გიგი უგულავა უკანონო პატიმარია რაც დაადასტურა დღეს საკონსტიტუციო სასამართლომაც."
ე.წ. მატროსოვის ციხეში ელოდებიან ადვოკატ ბექა ბასილაიასაც, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება ციხის ადმინისტრაციას უნდა ჩააბაროს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.