გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მისცემის უფლებით იური ჩხაიძე ისარგებლებს.
სხდომა გურიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ბენია თავბერიძემ ჩაატარა. მისი თქმით, სხდომას ხუთი დელეგატი ესწრებოდა და მათ ხმა იური ჩხაიძის კანდიდატურას დაუჭირეს.
დელეგატის არჩევნებს გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე არ ესწრებოდა.
" მე მოკლე ტექსტური შეტყობინება და წერილობითი ინფორმაცია გავიგზავნე, რომ დღეს ტარდებოდა დელეგატის არჩევნები. თუ რატომ არ დაესწრო ის არჩევნებს, არ ვიცი." – გვითხრა ბენია თავბერიძემ.
არჩევნების შემდეგ "გურია ნიუსმა" იური ჩხაიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.
–ბატონო იური, ელოდებოდით თუ არა, რომ არჩევნებში ხმის უფლებით თქვენ ისარგებლებდით?
– ველოდებოდი თუ არა, ეს როგორ უნდა ვთქვა. მთავარი ის არის, რომ ჩატარდა კანონიერი შეხვედრა. უმრავლესობა შევიკრიბეთ და ხუთივემ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება. რაც ნიშნავას იმას, მე მექნება არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება. ეს არის დიდი ნდობა და ავირჩევთ ისეთ პრეზიდენტს, რომელიც წაადგება ქართულ ფეხბურთს.
– ვინ წაადგება ქართულ ფეხბურთს?
– ამას არჩევნების დროს გავიგებთ. ფარულად მიმდინარეობს ხმის მიცემა და ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ.
– დღეს დელეგატის არჩევნებს არ ესწრებოდა გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე. თქვენი ინფორმაციით, რატომ არ დაესწრო დღევანდელ სხდომას?
– არ ვიცი, რა არის მისი არ დასწრების მიზეზი. მთავარი ის არის ვიცე-პრეზიდენტმა, ბენო თავბერიძემ კანონიერად ჩაატარა სხდომა.
" არ მქონდა არავითარი ინფორმაცია. ვინ ატარებს სხდომას პრეზიდენტის გარეშე? ეს ქმედება ჩემთვის არის გაუგებარი" – ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს კახა ებრალიძე.
–ბატონო კახა, ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თქვენ წერილობით მოგმართათ და ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგიგზავნათ.
– არცერთი არ მიმიღია. ვიცე-პრეზიდენტმა ბენია თავბერიძემ არ იცის მოკლე ტექსტური შეტყობინების წერა. შეიძლება ნელ-ნელა ასწავლეს, არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. თბილისში ვიმყოფებოდი მეუღლესთან ერთად. ახლა დავბრუნდი ლანჩხუთში. თქვენგან გავიგე, რომ ბენია ნიშნავს სხდომას, მესამეჯერ აკეთებს ეს ადამიანი ამას. იქნებ დამელოდნონ და მე დავნიშნო ეს სხდომა.
– ბატონი იური ჩხაიძე აირჩიეს დელეგატად . მისი თქმით, ეს არჩევნები კანონის ფარგლებში მოხდა. თქვენ რას გვეტყოდით?
_ დელეგატის არჩევა კანონიერად არ მომხდარა. თუ პრეზიდენტი არ ესწრება სხდომას ის არალეგიტიმურია. – გვითხრა კახა ებრალიძემ.